ეკატერინე ბასილაია
27.09.2017

 ქვეყანას ახალი კონსტიტუცია აქვს. 117 ხმა 2-ის წინააღმდეგ - 9-თვიანი მწვავე დაპირისპირება-ურთიერთბრალდებების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" ახალი კონსტიტუცია სამი მოსმენით ერთპარტიულად უკვე მიიღო. "ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით ისინი დიდხანს იამაყებენ. ოპოზიციამ ფაქტს "ხელისუფლების უზურპაცია", "ერთპიროვნული დიქტატურა" უწოდა და საპროტესტო გამოსვლები დააანონსა, ხოლო პრეზიდენტი ვეტოს დადებისთვის ემზადება.

სანამ "ქართული ოცნება" კონსტიტუციის ახალ რედაქციას მესამე მოსმენით დაამტკიცებდა, დარბაზში პოლიტიკური ურთიერთბრალდებები ისმოდა, პარლამენტს გარეთ კი საპროტესტო აქცია იმართებოდა შეძახილებით - "არა ერთპარტიულ კონსტიტუციას!"

კენჭისყრამდე რიგგარეშე სესია ერთმანეთის მიყოლებით ძველმა და განდგომილმა "ნაციონალებმა" დატოვეს. ჯერ "ევროპული საქართველოს" 21-კაციანმა ფრაქციამ დატოვა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად, შემდეგ ბოიკოტი "ნაციონალურმა მოძრაობამაც" გამოაცხადა. დარბაზში სრული მობილიზაციით შეკრებილი "ოცნების" 116 დეპუტატი და "პატრიოტთა ალიანსის" წევრები დარჩნენ და დიდი ხმაურისა და ბრალდებების შემდეგ ახალი კონსტიტუციაც მიიღეს 117 ხმით, სადაც ერთი, დამატებული ხმა "პატრიოტებიდან" ნატო ჩხეიძისა აღმოჩნდა, რომელსაც შემდეგ ჩხეიძემ ტექნიკური გაუგებრობა უწოდა და განმარტა, რომ ის კონსტიტუციას მხარს არ უჭერს.

საბოლოოდ, "ოცნებამ" სამი მოსმენით ერთპარტიულად მიიღო კონსტიტუციის კანონპროექტი იმ სახით, რომელიც არ მოსწონს არავის: არც ოპოზიციას, არც პრეზიდენტს, არც სამოქალაქო სექტორს და რომელსაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადებისა და კონსენსუსის არარსებობის გამო ვენეციის კომისიამაც "სამწუხარო" უწოდა და "ოცნების" მხრიდან განცხადებული დაპირება ე.წ. ბონუსების სისტემის გაუქმებაზე, ამ ნეგატიური ასპექტის ცოტათი განეიტრალებად მიიჩნია.

"ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ ვენეციის კომისიისთვის მიცემულ პირობას აუცილებლად შეასრულებს და 2024 წლიდან ასამოქმედებელ პროპორციულ სისტემაში ბონუსები საერთოდ გაუქმდება, მაგრამ ახლა - არა. კონსტიტუციას ისე ხარვეზიანს მიიღებს, ხოლო ბონუსების გაუქმებას ახალი კანონპროექტის წარდგენით შეეცდება და ეს იქნება მათივე დაწერილი საამაყო კონსტიტუციის პირველი შესწორებაც.

ასევე "ოცნება" კატეგორიულად აპროტესტებს და მიზანმიმართულ შეურაცხყოფას უწოდებს იმას, რომ ეს კონსტიტუცია მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით მიიღება. მათ არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ "ოცნების" სახელით პარლამენტში 5 პარტიაა წარმოდგენილი: თავად "ქართული ოცნება", ასევე - "სოციალ-დემოკრატები", "კონსერვატორები", "მწვანეები" და "მრეწველები", რაც, მათივე მტკიცებით, იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციას მხარს არა ერთი პარტია, არამედ 5 უჭერს.

კონსტიტუციის დამტკიცების შემდეგ პარლამენტის სპიკერმა ქვეყანას "ევროპული კონსტიტუციის" მიღება მიულოცა და განცხადა, რომ ის გაუძლებს დროს, ათწლეულებს და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას.

თუმცა ოპოზიციაში ასე არ ფიქრობენ და კანონპროექტის მესამე მოსმენა მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მთავარი პრეტენზია იყო ის, რომ "ოცნებამ" მოატყუა მთელი საზოგადოება და ვენეციის კომისია.

"ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ ირაკლი კობახიძეს ვენეციის კომისიისთვის ბონუსების აკრძალვის დაპირება შეახსენა და ამ დაპირების შესასრულებლად პროექტის მეორე მოსმენით დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ბოკერიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა ახალი კონსტიტუციის მიღებით საზოგადოების კიდევ ერთხელ "გადაგდებას ცდილობს", როცა, დაპირების მიუხედავად, ის არ არედაქტირებს არსებულ პროექტს.

"თუ თქვენ საზოგადოების გადაგდებას არ აპირებთ, რატომ ამთავრებთ პროცესს? დააბრუნეთ უკან მეორე მოსმენით, რა გიშლით ხელს? თუ ხმები არ გყოფნით, 21 ხმის გარანტიას გაძლევთ. ის რედაქციაც ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ დააბრუნეთ უკან," - მიმართა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობას.

რაზეც სხდომის წამყვანმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ეს პროვოკაციაა: "ეს არის პროვოკაცია და არ ავყვეთ, მეგობრებო!"

 ამის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობამ დარბაზის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

"თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს საქართველოს ისტორიაში და იმსახურებთ, რომ ამ ფარსში დარჩეთ მარტო," - დარბაზის დატოვებამდე განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

უმცირესობის წარმომადგენლები დარბაზიდან "ოცნების" დეპუტატებმა ტაშითა და სტვენით გააცილეს, ხოლო ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ამ ბოიკოტს "ძალიან საცოდავი შოუ" უწოდა.

უმცირესობას მალევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც მიჰყვნენ, რასაც ხმაური და იძულებითი 5-წუთიანი შესვენებაც მოჰყვა.

ხმაური ნიკა მელიასა და "ოცნების" დეპუტატების ხმამაღალმა ურთერთშეძახილებმა გამოიწვია.

"ამ საკონსტიტუციო პროცესით სათავე დაუდეთ ძალიან შეუქცევად პროცესს, რომელიც ბუმერანგივით მოგიტრიალდებათ უკან. პარტიის გარეთ არც ერთი მოკავშირე თქვენ არ გყავთ, თქვენ აკანონებთ დიქტატორულ და კლანურ კონსტიტუციას," - დარბაზიდან გასვლამდე განაცხადა მელიამ და "ოცნებას" შეახსენა, რომ დღეს მედროვეების იმედად არიან, ისეთების, როგორიც კახა ოქრიაშვილია, რომელიც "ოცნებას" ყველაფერზე უწევს ხელს და რომელიც ადრე "ნაციონალებს" უწევდა ყველაფერზე ხელს, მაგრამ უღალატა მათ, ახლა კი ის პირველი იქნება, ვინც "ოცნებასაც" უღალატებს.

მელიამ ოქრიაშვილის ლანძღვის დასრულება ვერ შეძლო, მას მიკროფონი გამოურთეს, დარბაზიდან კი ურთიერთშეძახილები გაისმა. ამ დროს ტრიბუნაზე მდგარმა პარლამენტის სპიკერმა განცხადა, რომ გაქცევა სისუსტის ნიშანია და ოპოზიცია უკვე მესამედ გარბის, რადგან დიალოგი არ სურს, რის გასაპროტესტებლად მასთან ტრიბუნაზე თინა ბოკუჩავა აიჭრა და მას განცხადების გაგრძელების საშუალება არ მისცა. მთელი ამ არეულობის დასაცხრომად შესვენების გამოცხადება გახდა საჭირო.

ბოკუჩავას მსგავსად, ტრიბუნაზე მდგარ კობახიძეს შემდეგ "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანიაც მიეჭრა, რომელიც სიტყვით მეორედ გამოსვლას ითხოვდა.

დარბაზში "პატრიოტთა ალიანსთან" მარტო დარჩენილმა "ოცნებამ" კონსტიტუცია დღის ბოლოსთვის უკვე მიიღო, რაც "ოცნების" წევრებმა დიდ მიღწევად შეაფასეს.

"მე და ჩემი მეგობრები ვიამაყებთ დღევანდელი გადაწყვეტილებით," - კონსტიტუციის მიღების შემდეგ განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

ნუკრი ქანთარიამ კი პრეზიდენტს შესთავაზა, რომ ვეტოს დადებისას, რომელსაც "ოცნებაში" ყველა ელოდება, მოტივირებული შენიშვნების სახით ის ცვლილებები გაგზავნოს პარლამენტში, რომლის ინიცირებასაც სულ მალე კონსტიტუციაში უმრავლესობა გეგმავს, რაც ბონუსის სისტემის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად დაშვებას გულისხმობს და მმართველი ძალა "ამ შენიშვნებს" გაიზიარებს.

კონსტიტუციის მიღებაზე განცხადება გაკეთდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ ერთი პარტიისაა, რითაც ხელიდან გავუშვით შანსი, თანხმობის კონსტიტუცია შექმნილიყო და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა დემოკრატიული წესწყობილებისკენ.

დოლიძემ, ისე, რომ ვეტოს დადებაზე გადაწყვეტილება არ გაუხმოვანებია, ქანთარიას განცხადებას "არასერიოზული" უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×