(რეზონანსი) 1993 წლის 27 სექტმბერი ჩვენი ყველას გულისტკივილია. მჯერა, რომ შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.
კალაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„1993 წლის 27 სექტემბერი, საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი ცრემლიანი და სისხლიანი დღე ჩაიწერა. ჩვენ საუკუნეებია ერთი სამშობლო, ერთი მონარქია, ერთი წინაპარი გვყავდა. ოკუპაცია ჩვენი საერთო ტკივილია. მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. ეს არის ტკივილი, რომელიც თითოეული ჩვენგანის გულშია და მე მჯერა, რომ შევძლებთ ჩვენი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებას",- განაცხადა კალაძემ.
სოხუმის დაცემიდან დღეს 24 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
დაპირისპირება 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.