(რეზონანსი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს კიდევ ერთხელ მიმართა, ხვალ, 10:00 საათზე სამებაში შეიკრიბონ, რათა ერის გამთლიანების შესახებ იმსჯელონ.
სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა. პატრიარქმა მრევლს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა და ტრადიციული ქადაგებით მიმართა.
უწმინდესის თქმით, დღევანდელ დღეს სიხარულიც ახლავს და მწუხარებაც.
პატრიარქმა მრევლს შეახსენა, რომ ხვალ, ხუთშაბათია და 10.00 საათზე სამების ტაძარში შეიკრიბონ. ხუთშაბათობით სამებაში შეკრების შესახებ პატრიარქმა 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას იქადაგა.
„დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთის ომში დაღუპულებს და შევთხოვთ უფალს, რომ მათი ლოცვა შეგვეწიოს ჩვენ და საქართველოს. მე ადრე გითხარით, რომ ხუთშაბათობით გვექნება შეხვედრა, ხვალ 10:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით აქ, სამების ტაძარში. ეს იქნება პირველი შეხვედრა და ფიქრი იმის შესახებ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ მთლიანობას მივაღწიოთ, მთლიანობა დავიმსახუროთ. მაშასადამე, ხვალ, ათ საათზე, ვიკრიბებით აქ, სამების ტაძარში, იმისათვის, რომ მოვიაზროთ როგორ მოხდეს გამთლიანება ქართველი ხალხისა, როგორ დავასუფთავოთ ჩვენი კარ-მიდამო, ჩვენი სულები, ჩვენი გონება და შემდეგ ეს უნდა გავრცელდეს მთელს საქართველოში. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა. ჩვენთან არს ღმერთი", - ბრძანა პატრიარქმა.