(რეზონანსი) არ მინდა, რომ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც ომბუდსმენის ინსტიტუტია, გადაიქცეს კრიმინალების „გამპრავებელ" კანტორად - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ომბუდსმენის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
„ომბუდსმენის ასეთი დამოკიდებულება ყოველთვის მაოცებს. მას შეეძლო ჩვენთან ამ ინფორმაციის გადამოწმება და აბსოლუტურად ამომწურავ პასუხს მიიღებდა, ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე და ობიექტური, ტრანსპარენტულები და როდესაც ასეთ თემები საჯაროდ გამოდის, საჭიროა, მეტი სიფრთხილე და დაკვირვება, მით უმეტეს, როცა პოლიციელების მიმართებაში ვაკეთებთ განცხადებებს. მე არ მინდა, რომ ასეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც ომბუდსმენის ინსტიტუტია, გადაიქცეს კრიმინალების „გამპრავებელ" კანტორად", - განაცხადა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ წინადადებით მიმართა.