(რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას საქართველოს პარლამენტისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების შესაბამისად გამოიყენებს, ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება.
„ჩვენ პრეზიდენტს კონკრეტულად ის შევთავაზეთ, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების შესაბამისად ვეტოს უფლება გამოიყენოს. საქმე ეხება ორ საკითხს. ერთი არის ბონუსის ამოღება ახალი რედაქციიდან და მეორე არის, ბლოკების ერთჯერადად დატოვება. თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას ამ სახით გამოიყენებს, ეს იქნება ჩვენი ხედვით ყველაზე სწორი ნაბიჯი. ამით აღსრულდება ჩვენი და ვენეციის კომისიის შეთანხმება ძალიან მალე და ეს იქნება ძალიან კარგი. მოვლენების განვითარებას დაველოდოთ", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე ცოტა ხნით ადრე წარმართულ პროცესებს დადებითად ვერ შეაფასებს.
„დადებითად ვერ შევაფასებ იმ პროცესებს, რომელიც კონსტიტუციის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე წარიმართა. რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა ე. წ. 20 პარტიასთან ერთად ახალი კონსტიტუცია დაწერა. ჩვენ გვედავებოდნენ იმას, რომ ნაჩქარევად მოვამზადეთ თითქოს დოკუმენტი, ამ დროს თვითონ 3-4 დღეში დაწერეს ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტმა და ე. წ. 20 პარტიამ. ეგრეთ წოდებულს ვამბობ იმიტომ, რომ საქართველოში ყველამ ვიცით, თქვენც დამეთანხმებით 20 პარტია საერთოდ არ არსებობს. ეს არის თან შერაცხული „თანხმობის დოკუმენტად" მაშინ, როდესაც ჩვენს დოკუმენტს მხარს უჭერს 150-დან 117 დეპუტატი, რვიდან ხუთი საპარლამენტო პარტია, მეორე მხარეს დგას პრეზიდენტი თავის 20 პარტიასთან ერთად ანუ ოპოზიცია, რომელსაც აქვს თავისი სუბიექტური ინტერესები და მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტს უწოდებენ „თანხმობის დოკუმენტს". ბუნებრივია, ამას ჩვენი მხრიდან პოზიტიური შეფასება ვერ ექნება", - დასძინა კობახიძემ.