(რეზონანსი) ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამებაში, მრევლთან და სამღვდელოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა.
პატრიარქმა ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურს მრევლისგან მოისმინოს, რა უნდა გაკეთდეს, რათა ქართველმა ხალხმა თავისი სახე შეინარჩუნოს.
"მინდა მოვისმინოს თქვენგან, რა უნდა გაკეთდეს, რათა ქართველმა ხალხმა თავისი სახე შეინარჩუნოს. ჩვენ ძალიან ხშირად ვფიქრობთ და ვამბობთ იმის შესახებ, რომ აი, ბევრი ტურისტი ჩამოდის. ეს ჩვენს გვახარებს. ტურისტთან ერთად მატერიალური დოვლათიც შემოდის. საქართველოს აქვს მიზიდულობა, მაგრამ ეს ჩვენ გვაწყობს, თუ არა. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩამოსვლას ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი. რა უნდა გაკეთდეს, რათა სამუშაოები ადგილები გაჩნდეს, ჩვენ ძალიან ხშირად ამაზე ვლაპარაკობთ. სამუშაო ადგილი თუ უნდა ადამიანს, აუცილებლად გაჩნდება" , - ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორემ ქართული მიწის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
"ჩვენ გვქონდა ურთიერთობა, კავშირი კვიპრიოსთან და კვიპროსის მღვდელმთავრები გვირჩევდნენ, რომ უპირველეს ყოვლისა მიწას მიხედეთ. მიწა არ გაასხვისოთ, მიწა არ გაყიდოთ. დღესაც ეს აქტუალური პრობლემაა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ შევინახოთ მიწა და რა არის მიწის გარდა, კიდევ რა ფასეულობა გვაქვს წყალი", - აღნიშნა პატრიარქმა.
პატრიარქმა ასევე დაადგინა, რომ ყოველ შაბათს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე ქვეყნისთვის პრობლემატურ საკითხებზე შეხვედრები სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება.