(რეზონანსი) გასროლილი თითბრის ჰილზები, გადადნობის შედეგად, ტაძრის გუმბათის ჯვრების, ზარების და სხვა საეკლესიო ნივთების დასამზადებლად გამოიყენება, - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
როგორც პატრიარქის მდივანმა აღნიშნა, გასროლილი თითბრის ჰილზების გადასაცემად საპატრიარქოს თავდაცვის სამინისტროსთვის არაერთხელ მიუმართავს.
„ასეთი პრაქტიკა სხვა დროსაც გამოგვიყენებია. მახსენდება, შემთხვევა, როდესაც ვარკეთილში, წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდებოდა, სამაჩაბლოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის დედა, მარინა გზირიშვილი ტაძრის მშენებლობაზე აქტიურობდა. მათაც რამდენჯერმე გადავეცით ეს მასალები. ეს პრაქტიკა მანამდეც არსებობდა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამას კანონმდებლობა არ კრძალავს", - განაცხადა მამა მიქაელმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ხუთი ათასი კილოგრამი გასროლილი თითბრის მასრები საქართველოს ეკლესიას უფასოდ გადაეცემა.