(რეზონანსი) პოლიტიკური პარტიები გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად ემზადებიან. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს კონკრეტული წინადადებები აქვთ. „ლეიბორისტული პარტიის" წევრები გიორგი მარგველაშვილს სთხოვენ გადადგეს, ქვეყანაში კრიზისი შეიქმნას და საკონსტიტუციო ცვლილებებში საზოგადოების აზრი იქნას გათვალისწინებული.მათი თქმით, პრეზიდენტმა დემოკრატიის, სუვერენიტეტის და ხალხის უფლებების შესახებ პატარა ლექცია უნდა წაიკითხოს.
„დაკავებული პოსტიდან უნდა გადადგეს, შექმნას პოლიტიკური კრიზისი, მთელი მსოფლიო აალაპარაკოს, ხალხს ქუჩაში დაუძახოს, ამით ის საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა. სხვა შემთხვევაში შევა, როგორც ხალხის მიერ პრეზიდენტის არჩევის ინსტიტუტის დამსამარებელი" , - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.
„ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში" მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს, პრეზიდენტის კეთილგანწყობა მოიპოვოს, რათა ვენეციის კომისიასთან ურთიერთობები მოაგვაროს.არასაპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პრინციპულობა.
„უმრავლესობა თავისი გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლად ცდილობს, პრეზიდენტი „დაკეროს", რომ უმრავლესობა ჩიხური სიტუაციიდან გამოვიდეს" , - განაცხადა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ.
„გიორგი მარგველაშვილი ამ პროცესში თავიდან ბოლომდე იყო ჩართული, ზუსტად იცის ამ კონსტიტუციის ყველა ხარვეზი და პრობლემური საკითხი და ამიტომ, ზედმიწევნით ზუსტად დაადებს კონსტიტუციურ პროექტს ვეტოს" , - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ.