(რეზონანსი) გორის სოფელ ქვახვრელში, სასმელი წყლის გაყვანის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობდა. სამუშაოების დასრულების ვადა რამდენიმეჯერ გადასწიეს, საბოლოოდ კი პროექტი მიატოვეს. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქვახვრელის სასმელი წყლის „მილიონიანი პროექტის" დასასრულებლად, ტენდერი მესამედ გამოაცხადა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ დღეს მიიღო. ინფორმაციას შიდა ქართლის ადგილობრივი სააგენტო ავრცელებს.
პროექტი, რომელიც 2016 წლის 26 ივნისს დაიწყო, იმავე წლის 26 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ სამუშაოები დათქმულ ვადებში არ დაასრულა. ვადა სამჯერ,ბოლოს კი 2017 წლის აპრილამდე გადაუწიეს.
კომპანია „არქიკულტურამ" პროექტის განხორციელებისთვის 880 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო. კომპანია „არქიკულტურის" ხელმძღვანელმა, გოჩა გუნიავამ, ქვახვრელის სასმელი წყლის პროექტის დასასრულებად, ვადის გადაწევა ორჯერ ითხოვა. კომპანიის დირექტორი სამუშაოების დაგვიანების მიზეზად, ყინვებსა და ზამთრის ცუდ პირობებს ასახელებდა. მეორე ვადა 2017 წლის 21 თებერვალს ამოიწურა. სამუშაოები ისევ არ დასრულდა.
3 მარტს „არქიკულტურას" თანამშრომლებმა სასმელი წყლის შეჩერებული პროექტის სამუშაოები განაახლეს. ადგილზე ტრაქტორი სადემონსტრაციოდ მიიყვანეს. კომპანიის დირექტორი მოსახლეობას დაპირდა,რომ სასმელი წყალი მარტის ბოლოს ექნებოდათ.
პროექტის მიხედვით, დაახლოებით 900-კომლიან სოფელში სასმელი წყალი ყველა ოჯახში უნდა შესულიყო, შიდა ქსელი შემკრები ჭებით უნდა დაკავშირებულიყო, რომელიც 9 თვეა ღიაა და ნიაღვარი ჩადის.