(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილისა და ოპოზიციის შეხვედრას მმართველი გუნდი არ ესწრება. პრეზიდენტმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„როცა საუბარია რთული ვითარებიდან გამოყვანაზე, მე ყოველთვის მზად ვარ, ჩემი კარი ღიაა სათათბიროდ. ჩვენ გვაქვს კარგი გამოცდილება იმისა, რომ განსხვავებული შეხედულებების პოლიტიკოსებმა 5 საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა შესძლეს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომელიც ჩასწორების სახით არის შემოთავაზებული. ვეტო რთული ვითარებიდან გამოსავალია, მგონი ამაზე ყველა თანხმდება" , -განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონსულტაციებისთვის მზად არიან, თუმცა ის მხოლოდ მათსა და გიორგი მარგველაშვილს შორის უნდა გაიმართოს.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მზად არის შეხვედრაზე თავად მივიდეს.
საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით ვეტოს უფლების გამოყენება პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ თავად შესთავაზა და მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტს მხოლოდ ორი შენიშვნა - ბონუსების გაუქმება და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება წარედგინება, ვეტო არ დაიძლევა. გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს. კონსტიტუციის ახალი რედაქცია პარლამენტმა ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნა.
პრეზიდენტმა მმართველ გუნდს და ოპოზიციას კონსულტაციები გუშინ შესთავაზა. 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.