(რეზონანსი) დიდი ბრიტანეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში სიფრთხილისკენ მოუწოდებს. დიპლომატიური წარმომადგენლობა 6 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი საქართველო-უელსის მატჩზე დასწრების მსურველებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს. საელჩო მოუწოდებს ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომ ქუჩაში გადაადგილებისას თან არ იქონიონ დიდი თანხა, რადგან პერიოდულად ადგილი აქვს ძარცვას ხალხმრავალ ადგილებში.
განცხადებაში ასევე საუბარია ტაქსის მძღოლების მხრიდან სექსუალური ძალადობის რისკზე. ასევე ნათქვამია, რომ თბილისში ხშირია ავარიები, შუქნიშანზე წითელი ფერი და ზებრა გადასასვლელი კი არ ნიშნავს, რომ მძღოლი მოძრაობას შეაჩერებს.
საელჩო ატყობინებს ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომ თბილისში არ არის საზოგადოებრივი ტუალეტები. ქუჩები კი არ არის ადაპტირებული ეტლით გადაადგილებისთვის.
„ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე მოხვედრა მსურველებს ასევე ტაქსის საშუალებით შეუძლიათ, რომლის გაჩერებაც ქალაქის ქუჩებში პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, საელჩო რეკომენდაციის სახით ქალებს მოუწოდებს, ღამის საათებში ქუჩაში ტაქსის გაჩერებისგან თავი შეიკავონ, ძარცვის ინციდენტების გამო. ალტერნატივის სახით, სტუმრებს შეუძლიათ, ისარგებლონ ტაქსის ტელეფონით გამოძახებით ან აპლიკაციით. უწყება ასევე ურჩევს მოქალაქეებს, უფრთხილდნენ ტაქსის მძღოლებს, რომელთაც დანიშნულების პუნქტამდე მარშრუტი არ იციან" , - ნათქვამია განცხადებაში.
საელჩო ასევე აფრთხილებს შშმ პირებს, რომ ქალაქის ქუჩებში ეტლით გადაადგილებისთვის სათანადოდ არ არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა, პირადი უსაფრთხოება და გზების უსაფრთხოება.