(რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" საკრებულოს სხდომის გადადებას ითხოვს. თბილისის საკრებულოში ხმაურისა და დაპირისპირების გამო სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 946 კვ. მეტრი ფართისთვის ზონის შეცვლის საკითხს საკრებულოს წევრების და თბილისის მერობის კანდიდატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
ელენე ხოშტარიას თქმით, არ დაუშვებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ კომპანიებს საკრებულომ მიწის ნაკვეთები გადასცეს და ამ გადაწყვეტილებამდე ზონის სტატუსი შეუცვალოს.
„გეოლოგიური, სატრანსპორტო დასკვნის გარეშე, ერთ დღეში მოინდომეთ ზონების შეცვლა, ბიძინა ივანიშვილის 40 ჰექტარის ჩუქება და ქალაქის შუა გულში მიწისქვეშა პარკინგის გაკეთება. არც ერთ არქიტექტორს არაფერი ჰქონდა მომზადებული, ჩვენ ვნახეთ პროექტი. ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს შემდეგმა საკრებულომ. არ მოგცემთ საშუალებას დაიწყოთ სხდომა", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მერობის კანდიდატები აცხადებენ, რომ რეალურად, ეს ტერიტორია 1 ლარად ბიძინა ივანიშვილის კომპანიას უნდა გადაეცეს. განხილვას პოლიტიკური განცხადებებიც მოჰყვა. ზაალ უდუმაშვილმა სხდომა დატოვა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გარეთ დაელოდება. მოგვიანებით, ზაალ უდუმაშვილი საკრებულოს თავმჯდომარესთან შევიდა. მერობის კანდიდატმა მოითხოვა, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიასა და თაბორის მთაზე მიწების გასხვისებისა და ზონის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით, საკრებულომ დღეს არ იმსჯელოს.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, სხდომის დაწყებამდე გაიმართება ბიურო და საკრებულოს წევრები ამ საკითხს განიხილავენ.