(რეზონანსი) „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", „ISFED"-ის შეფასებით, „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მონაწილეობა მრავალ რისკს შეიცავს და მოუწოდებს კანდიდატებს, თავი შეიკავონ საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობისგან.
არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, მიშა ბენიძის თქმით, თუ მატჩის აფილირება საარჩევნო აგიტაციასთან მოხდება, შესაძლოა არაერთ დარღვევას ჰქონდეს ადგილი. ბენიძის თქმით, შეიძლება მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. გარდა ამისა, შესაძლოა დაირღვეს აგიტაციის წესები, რადგან მატჩში უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ მონაწილეობას.
„იკვეთება ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება იმ კუთხით, რომ ეს არ არის მხოლოდ ფინანსური რესურსი, არამედ ადამიანური რესურსიც, რომელიც შეიძლება ჩართული იყოს ამ ღონისძიების ორგანიზებაში ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან. ამ მატჩში არის ასევე საფრთხე, რომ აგიტაციის წესები დაირღვეს და უკანონო შემოწირულობის სახე მიიღოს ამ მატჩმა" , - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
29 სექტემბერს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები თბილისში ამხანაგურ მატჩს გამართავენ, ხოლო ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს. თამაში დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.