(რეზონანსი) აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა თბილისიდან ბაქოში გატაცებული და ამჟამად პატიმრობში მყოფი აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი 2016 წელს მოკლული ბელარუსელი ჟურნალისტის პაველ შერემეტის სახელობის პრემიით დააჯილდოვა. დაჯილდოვების ცერემონია 2017 წლის 26 ოქტომბერს ტალინში გაიმართება.
„აზერბაიჯანის ხელისუფლების დევნის მიუხედავად, ჟურნალისტიკაში განსაკუთრებული მამაცობისა და რეგიონში სიტყვის თავისუფლების კუთხით მიღწევებისთვის" , - წერია პრესრელიზში.
პირველად აღნიშული პრემია 2016 წელს გაიცა და პატიმრობაში მყოფ ყირიმელ ჟურნალისტს, მიკოლა სემენას ერგო.
აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა, ხოლო გამოძიება შსს-მ 30 მაისს დაიწყო, მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადების საფუძველზე. მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს ადამიანებმა, რომლებსაც ეცვათ საქართველოს შსს-ს კრიმინალური პოლიციის ფორმები.მისი თქმით, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც დააპატიმრეს. აზერბაიჯანის საგამოძიებო უწყების ცნობით, მუხთარლიმ თვითონ გადაკვეთა საზღვარი, სადაც ის კონტრაბანდული ფულის გადატანის ბრალდებით დააკავეს.
აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია კონტრაბანდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლის საქმის გამოძიებას პროკურატურის მიერ ითხოვდა დაკავებულის ოჯახი, თუმცა პროკურატურამ ეს საქმე მუხთარლის გატაცებიდან 1.5 თვის შემდეგ გადაიბარა. 19 ივლისს მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ.