ია აბულაშვილი
30.09.2017

 საქართველოში სომხეთის ახალი ელჩის დანიშვნა, რამდენიმე თვეა, ჭიანურდება. ოფიციალური ერევნის მიერ შერჩეულ კანდიდატს - სერგეი მინასიანს ჯერაც არ მიუღია აგრემანი - მიმღები ქვეყნის წინასწარი თანხმობა ელჩად მის დანიშვნაზე.

სომხური მედია ჯერ კიდევ მაისში წერდა, რომ მინასიანი საქართველოს ხელისუფლებისათვის მიუღებელი კანდიდატურაა, თუმცა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამას ჭორი უწოდეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ეს საკითხი ასევე განიხილებოდა ორიოდე კვირის წინ თბილისში სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტისას, მაგრამ უშედეგოდ.

სერგეი მინასიანი წარმოშობით ჯავახეთიდანაა. იგი გახლავთ ერევნის საექსპერტო-ანალიტიკური ცენტრის - "კავკასიის ინსტიტუტის" დირექტორის მოადგილე, პოლიტოლოგი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველო-სომხეთის ურთიერთობის საკითხებზე მუშაობს.

როგორც სომხური გაზეთი "ჟამანიაკი" წერს, საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს აგრემანის გაცემაზე მინასიანის დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ელჩის დანიშვნა ჯერ კიდევ ივლისში უნდა მომხდარიყო. გაზეთი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს საკითხი ჰაერში დარჩა მაშინაც, როდესაც თბილისში ვიზიტად იმყოფებოდა ეროვნული კრების დელეგაცია არა ბალოიანის ხელმძღვანელობით, რომელმაც ეს საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის დროს წამოჭრა. ოფიციალურმა თბილისმა კი დუმილით უპასუხა და ამით მიანიშნა ერევანს, რომ აუცილებელია ახალი კანდიდატურის წარდგენა.

რუსულენოვანი გამოცემა "ეურაზია დეილი" კი თავის წყაროებზე დაყრდნობით ახალი ელჩის დანიშვნის გაჭიანურების სხვა მიზეზებსაც ასახელებს. მათი ინფორმაციით, ამას ხელს უშლის ამჟამინდელი ელჩი საქართველოში იური ვარდანიანი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მისი მისიის ვადა ამოიწურა, თანამდებობას არ ტოვებს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, საქართველოში ელჩობა ასევე სურს სომხეთის ეროვნული კრების ყოფილ ვიცე-სპიკერს, მმართველი პარტიის დეპუტატ ერმინე ნაგდალიანს, რომელსაც საქართველოში გარკვეული ბიზნეს ინტერესები აქვს.

კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გაურკვევლობა, სომხურ პრესას ამაზე პასუხი არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საქართველოში სომხეთის ელჩის დანიშვნა ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი შეიძლება აღმოჩნდეს, რომელიც სომხურ პოლიტიკურ ელიტაში საკადრო საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე შიდა ბრძოლას კიდევ უფრო გამოააშკარავებს.

რატომ ჭიანურდება საქართველოში სომხეთის ელჩის დანიშვნა - ამ საკითხზე "რეზონანსი" ქართველ პოლიტოლოგებს ესაუბრა.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, მიმღები ქვეყანა არასდროს არ ახმაურებს თავის პრეტენზიებს ელჩობის კანდიდატის მიმართ.

"ოთხი თვე რომ აგრამანს არ გასცემს ქვეყანა, დიპლომატიურ ენაზე ეს იმის მანიშნებელია, რომ სხვა კანდიდატურა უნდა წამოაყენონ. არასდროს მიმღები ქვეყანა დეტალურად არ გაახმაურებს თავის პრეტენზიებს ელჩობის კანდიდატის მიმართ. გამორიცხულია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდეს და ხმამაღლა ილაპარაკოს რეალურ მიზეზებზე, რატომ არ უნდა საქართველოს მთავრობას ეს კანდიდატურა. ყველაფერი გვარდება ყოველგვარი გახმაურებისა და კონფლიქტური სიტუაციის შექმნის გარეშე, ეს მიღებული პრაქტიკაა.

"როცა ჭიანურდება აგრემანის გაცემა, ოფიციალური ერევანი უნდა მიხვდეს, რომ აქ არაფერ შუაშია მიმღები მხარის მოუცლელობა და ამ გაჭიანურებას არა ტექნიკური, არამედ პოლიტიკური მიზეზები აქვს. თავად ერევანსაც არ უნდა უნდოდეს ისეთი ელჩი, რომელიც მიმღები მხარის ნდობით არ სარგებლობს. ასე რომ, რაც ადრე შეცვლის ერევანი თავის კანდიდატურას, მით უკეთესი იქნება ორი მეზობელი ქვეყნის შემდგომი ურთიერთობისთვის", - განაცხადა "რეზონანსთან" სოსო ცინცაძემ.

"ელჩის დანიშვნას არეგულირებს დიპლომატიური კანონები, ასე ხდება ნებისმიერ ქვეყანაში. მე არ ვიცი, რატომ ჭიანურდება აგრემანის გაცემა, მაგრამ ასეთი შემთხვევები ყოფილა. როცა მე ვიყავი დეპუტატი, როცა ჩვენი ელჩები ინიშნებოდნენ, აგრემანი არ მიიღეს მეზობელმა ქვეყნებმა, სომხეთს არ ვგულისხმობ.

"რაც შეეხება მინასიანის კანდიდატურას, იგი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რამდენიმე ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. თბილისში ხშირად გამოსულა საერთაშორისო კონფერენციებზე. რამდენადაც ვიცი, მას სკოლა დამთავრებული აქვს ახალქალაქში და მისი მშობლები დღესაც იქ ცხოვრობენ.

"მინასიანის გარდა, სხვა კანდიდატურებზეც იყო საუბარი. მაგალითად, ამბობდნენ, რომ საქართველოში ელჩად ინიშნებოდა საქართველოზე შეყვარებული ქალბატონი, ყოფილი ვიცე-სპიკერი ერმინე ნაგდალიანი. სხვა კანდიდატურებზეც იყო საუბარი, მაგრამ აგერ 5 თვე გავიდა და ჯერჯერობით ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი.

"ისე, ეს პირველი შემთხვევაა, რომ საქართველოში ელჩად ინიშნება ადამიანი, რომელიც ცნობილი პოლიტიკოსი არ არის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია. ადრე საქართველოში სომხეთიდან მხოლოდ ცნობილი პოლიტიკოსები ინიშნებოდნენ ელჩად" - განაცხადა "რეზონანსთან" პოლიტოლოგმა ვან ბაიბურთმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×