ვაშინგტონი მოსკოვისაგან ამერიკული თვითმფრინავებისათვის საქართველოს ოკუპირებული რეგიონების თავზე სადამკვირვებლო ფრენის აღდგენას მოითხოვს
ეკატერინე ბასილაია
30.09.2017

 ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კიდევ ერთი ახალი ურთიერთბრალდების და დაპირისპირების თემა გაჩნდა. ამჯერად ვაშინგტონი გეგმავს, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს "ღია ცის შეთანხმების" ფარგლებში აშშ-ის თავზე ფრენის უფლება შეუზღუდოს.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსეთი თავად არღვევს ხსენებულ შეთანხმებას და ამის მაგალითად ორი ფაქტი მოჰყავთ: მოსკოვმა ოფიციალურად შეუზღუდა ამერიკულ თვითმფრინავებს კალინინგრადის ოლქის თავზე ფრენა და გარდა ამისა, რუსეთი ამერიკულ თვითმფრინავებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თავზე სადამკვირვებლო ფრენის უფლებას არ აძლევს.

ასე რომ, რუსეთი ახლო მომავალში, შესაძლოა, არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს - ან ამერიკელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და კალინინგრადის თავზე თავისუფლად ფრენის უფლებას მისცემს, ან თავადვე შეეზღუდება აშშ-ის თავზე სადამკვირვებლო ფრენის უფლება.

ჯერჯერობით მოსკოვში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე დათმობას არ აპირებენ.

დავა აშშ-სა და რუსეთს შორის "ღია ცის შეთანხმების" შესრულებასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ კალინინგრადის საჰაერო სივრცეში ნატო-ს სამხედრო თვითმფრინავების ფრენის შეზღუდვის შემდეგ გამწვავდა.რამდენიმე დღის წინ პენტაგონზე დაყრდნობით "უოლ სთრით ჟორნალმა" დაწერა, რომ ვაშინგტონი "ღია ცის შეთანხმების" მიხედვით გათვალისწინებული ნორმების შეზღუდვას აპირებს, რაც ამერიკულ ცაზე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს გადაფრენის საშუალებას აძლევდა. კერძოდ, საქმე ეხება ალასკისა და ჰავაის საჰაერო ზონებს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს იქნება აშშ-ის საპასუხო რეაქცია მოსკოვის გადაწყვეტილებაზე ამერიკული თვითმფრინავების კალინინგრადის თავზე ფრენის შეზღუდვის შესახებ.

აშშ-სა და რუსეთს შორის "ღია ცის შესახებ" ხელშეკრულების მიხედვით, სადაზვერვო ფრენის სიშორე 5,5-დან 10 კმ-მდე უნდა იყოს, რუსეთმა კი 500 კმ-იანი სიშორე დააწესა კალინინგრადთან მიმართებაში.

როგორც "უოლ სთრით ჟორნალი" აღნიშნავს, მანამდე რუსეთმა შეთანხმების წევრი ქვეყნები - საქართველო, აშშ, კანადა, თურქეთი - მათ საჰაერო ზონაში ფრენის აკრძალვაში დაადანაშაულა.

"ღია ცის შეთანხმებით," აშშ-ის, რუსეთის და სხვა სახელმწიფოების თვითმფრინავებს აქვთ უფლება, სიმაღლიდან დააკვირდნენ 34 ქვეყნის სამხედრო ობიექტს, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი დოკუმენტზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ კალინინგრადის რეგიონის თავზე ამერიკული თვითმფრინავების ფრენა პრობლემებს ქმნიდა რეგიონის საჰაერო სივრცის გამოყენებასა და ასევე საერთაშორისო აეროპორტების მუშაობაში და ამიტომაც გახდნენ იძულებულები, 500 კმ-მდე გაეზარდათ ფრენის სიშორე.

რაც შეეხება მეორე ბრალდებას, რომ მოსკოვმა უარი უთხრა ვაშინგტონს სადამკვირვებლო ფრენის განხორციელებაზე საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, თავზე, ეს ბრალდება, მისი თქმით, გაუმართლებელია.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ამბობს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი "დამოუკიდებელი სახელმწიფოები" არიან, რომლებიც არ არიან მიერთებული "ღია ცის შეთანხმებაზე". ასეთი ქვეყნების შემთხვევაში კი სადამკვირვებლო ფრენა დაშვებულია მათი საზღვრებიდან 10 კმ-ის დაშორებით.

მოსკოვში აცხადებენ, რომ აუცილებლად მიიღებენ საპასუხო ზომებს აშშ-ის მოსალოდნელ შეზღუდვაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბიკოვი ამბობს, რომ მსჯელობა უკვე დაწყებულია, სამხედროების ჩართულობით მოხდება სიტუაციის გაანალიზება და შემდეგ გადაწყდება, რა ფორმით უპასუხონ ამერიკელებს.

ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი ცივი ომის ყველა შემადგენელი ნაწილი აშკარაა, მათ შორისაა ფრენის შეზღუდვაზე საუბარიც, ბევრ სხვა საკითხში შეუთანხმებლობასა და ეკონომიკურ სანქციებთან ერთად.

კალინინგრადში მანძილის გაფართოება იმას ნიშნავს, რომ რუსეთს იქ გარკვეული სამხედრო ინფრასტრუქტურა აქვს, რომელიც უნდა, რომ დამალოს.

"ღია ცის ქვეშ ხელშეკრულებაში" ჩართულია ყველა ქვეყანა, რაც სახელმწიფოთა შორის ნდობის მოსაპოვებლად ხდება, ხოლო როდესაც გარკვეული შეზღუდვები წესდება, ეს მხარეთა შორის უნდობლობას იწვევს. ერთი თვის წინ იმავე შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მონიტორინგის თვითმფრინავმა თეთრი სახლის თავზე იფრინა. მაშინ ვაშინგტონმა მოსკოვის მოთხოვნა შეასრულა, და რუსეთმა კი კალინინგრადში რა საპასუხო ნაბიჯი გადადგა," - ამბობს სალუქვაძე.

სამხედრო ექსპერტი სწორ ნაბიჯად მიიჩნევს იმას, რომ აშშ-მა სწორედ რუსეთს, საოკუპაციო ძალას მიმართა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თავზე მონიტორინგის თვითმფრინავების ფრენა დაშვებულიყო და ფიქრობს, რომ ჩვენ ეს ფაქტი უნდა გამოვიყენოთ.

იგი ამბობს, რომ რუსეთ ცდილობს, ეს ხელშეკრულება გამოიყენოს იმისთვის, რომ ამ რეგიონების ლეგალიზება მოახდინოს და დასავლეთთან მოლაპარაკების მხარედ წარმოაჩინოს, მაგრამ ეს არ გამოუვათ. აშშ არ მიმართავს არც სოხუმს და არც ცხინვალს, რომ ეს ზონები გამოიყენონ. მიმართავს საოკუპაციო ძალას. ხოლო რუსეთმა რომ გასცეს ნებართვა, მაშინ გამოდის, რომ რუსეთი ოკუპაციას აღიარებს. ჩვენ კი ეს ფაქტი უნდა გამოვიყენოთ და მსოფლიოს ყველა რუკაზე ეს ტერიტორიები შავ ლაქებად უნდა მოვხაზოთ, მათ შორის სანავიგაციო რუკებზე, რათა ამ სივრცეების გამოყენება იკაო-ს მასშტაბით აიკრძალოს.

სალუქვაძის თქმით, რა იქნება რუსეთის პასუხი, რთული სათქმელია. შესაძლოა, მთელი რუსეთის საჰაერო სივრცეზე დაუწესოს აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების ფრენას შეზღუდვა.

"ცივი ომის რიტორიკა, დიდი ხანია, აშკარაა, განსაკუთრებით გამწვავდა ყირიმის შემდეგ, ცხელ ფაზაში კი არ გადავა. ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირება აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ ომში გადაიზრდება და ეს ამიტომაც გამორიცხულია. მწვავე რიტორიკა გაგრძელდება და ამ რიტორიკიდან გამოსვლის პერსპექტივას ვერ ვხედავ მინიმუმ 2 წელიწადი," - მიიჩნევს სალუქვაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×