(რეზონანსი) სოფელ კუმურდოში მომხდარ ინციდენტზე, რომლის შედეგადაც 4 პოლიციელი დაშავდა, შსს განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე ვითარება განმუხტულია და მიმდინარეობს გამოძიება. განცხადებაში ნათქვამია,რომ ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა.
„დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ტაძრის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ადგილზე მისულ პოლიციას კი ქვები დაუშინეს.დაზიანდა შსს-ს ბალანსზე აღრიცხული რამდენიმე ავტომანქანა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით, სსკ-ს 187-ე მუხლის 1 ნაწილით, სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს" , - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სოფელში დაპირისპირება გუშინ ადგილობრივების მიერ ეკლესიის ეზოში შესვლის მცდელობას მოჰყვა. ადგილობრივების მტკიცებით, მათ ეკლესიის ეზოში სანთლების დანთება უნდოდათ, რისი საშუალებაც დაცვის სამსახურმა არ მისცა. კუმურდოში პოლიციასა და მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ახალქალაქის საავადმყოფოში 4 პოლიციელი გადაიყვანეს.
ადგილობრივი სააგენტოს, „jnews"-ის ცნობით, X საუკუნის კუმურდოს ტაძრის ეზოში, რომლის სარესტავრაციო სამუშაოებსაც ძეგლთა დაცვის სააგენტო აწარმოებს, მოსახლეობამ ხაჩკარის - იგივე ქვაჯვრის აღმართვა სცადა, რისი უფლებაც მათ დაცვის პოლიციის წარმომადგენლებმა არ მისცეს.
კუმურდოს ტაძრის რესტავრაცია მეორე წელია მიმდინარეობს. რესტავრაციის დროს ტაძრის ეზოში სხვადასხვა სამარხი იპოვეს. მოსახლეობის მოთხოვნით, ძვლები შეაგროვეს და ტაძრის ეზოშივე გადამარხეს. მოსახლეობამ მიიჩნია, რომ ნეშტი მათ წინაპრებს ეკუთვნით და საფლავზე ჯვარი უნდა აღმართონ. ამ დროისთვის კუმურდოში სიტუაცია სტაბილურია. მოსახლეობა ჯვრის აღმართვას ისევ გეგმავს.