რეზონანსი
01.10.2017

 (რეზონანსი) კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ ე.წ. რეფერენდუმის მიმდინარეობისას შეტაკებები მოხდა. სამართალდამცველები იმ უბანზე შეიჭრნენ, სადაც ხმა კატალონიის მეთაურმა, კარლეს პუიჩდემონმა უნდა მისცეს. ქალაქ სან ხულიენ დე რამისის საარჩევნო უბანზე მისულმა პოლიციამ შესასვლელი კარი ძალის გამოყენებით გახსნა.„BBC"-ი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანან სამართალდამცველები, რომლებიც საარჩევნო უბნის ფანჯარას ამტვრევენ და შენობაში შედიან.

სამართალდამცველებმა ბიულეტენები და ხმის მისაცემად განკუთვნილი ურნები წაიღეს. მათთვის წინააღმდეგობის გაწევა კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა სცადეს. პოლიციასა და რამდენიმე აქტივისტს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დღეს კატალონიაში რეფერენდუმი იმართება, რომლითაც რეგიონის დამოუკიდებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს. ესპანეთის მთავრობა აცხადებს, რომ კატალონიაში მიმდინარე რეფერენდუმი უკანონოა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ მიიღო. მიუხედავად ამისა, კატალონიის მთავრობამ პლებისციტის ჩატარება მაინც გადაწყვიტა.

კატალონია ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მდიდარი რეგიონია, რომლის მოსახლეობა 7.5 მილიონია. კატალონიაში მცხოვრებლები ესპანეთის მოსახლეობის 16% შეადგენენ. ქვეყნის ექსპორტის 25.6% და GDP-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) 19% კატალონიაზე მოდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×