(რეზონანსი) 1 ოქტომბრიდან ავსტრიაში ოფიციალურად აიკრძალება ისეთი ნაჭრისა თუ თავსაბურავის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ტარება, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს. აკრძალვა ძირითადად ნიქაბსა და ბურკას ეხება.
მიღებული კანონის მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ ის თავსაბურავი, რომელიც სახეს ღიას ტოვებს შუბლიდან ნიკაპამდე. ნიქაბიც და ბურკაც სამოსის იმ კატეგორიაში შედის, რომელიც სახეს ღიას არ ტოვებს და მხოლოდ თვალები ჩანს.
გარდა ტრადიციული მუსლიმანური სამოსისა, კანონმა ასევე აკრძალა სამედიცინო ნიღბები, ბალაკლავები, რესპირატორები და ჯამბაზების ნიღბები. თუმცა, ზოგიერთი მათგანის ტარება დასაშვებია სამედიცინო დანიშნულების მიხედვით, პროფესიული საქმიანობისას თუ კარნავალებზე.
ავსტრიის ხელისუფლების განცხადებით, ახალი კანონი მიმართულია ქვეყნის ტრადიციული ღირებულებების დაცვისკენ, თუმცა მუსლიმანურმა საზოგადოებამ აკრძალვა დაგმო და აღნიშნა, რომ ავსტრიაში ნიქაბსა და ბურკას მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ატარებს. მათი ცნობებით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 150 ქალი.