ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას მათ მიერვე უკანონოდ მოწყობილ სამარხზე ქვაჯვრის დადგმა სურს და ომით იმუქრება
გვანცა ღვედაშვილი
02.10.2017

 ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში ყ საუკუნის ეკლესიის გამო ვითარება შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაიძაბოს. შაბათს ადგილობრივი სომხური მოსახლეობის მიერ ეკლესიის ეზოში ტრადიციული სომხური ქვაჯვრის დადგმის მცდელობას პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა. ვითარება ამჟამად განიმუხტა, თუმცა დროებით.

კუმურდოს ეკლესიაში შარშან მასშტაბური რესტავრაცია დაიწყო. დაახლოებით 3 თვის წინ კი ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესიის ეზოში თვითნებურად მოაწყო სამარხი და ახლა ამ სამარხზე ქვაჯვრის დადგმა სურთ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრინციპული პოზიციაა, რომ ეს სამარხი ეკლესიის გალავნის გარეთ უნდა გავიდეს და ქვაჯვარიც იქ დაიდგას. ადგილობრივი სომხური მოსახლეობისათვის ეს მიუღებელია და "ომის დაწყებით" იმუქრებიან.

ექსპერტების აზრით, ეს წინასწარ დაგეგმილი და კარგად გათვლილი ქმედებაა და თუ ხელისუფლება ასეთ დათმობაზე წავა, მომავალში იმის საშიშროება იქმნება, რომ ქართულ ეკლესიაზე სომხურ მხარეს გაუჩნდეს პრეტენზია.

ძეგლთა დაცვის სააგენტო კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მოსახლეობას ეკლესიის ეზოში, სამარხებზე, მათი ნიშნის დადგმის საშუალება მისცენ. მეტიც, მათი თქმით, მომავალში ტაძრის ეზოში არსებული სამარხები ეკლესიის გარეთ გადაინაცვლებს.

ყ საუკუნის ტაძარი, რომლის ეზოში შესვლასაც მოსახლეობა ითხოვდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და საქართველოს კულტურის სამინისტროს ბალანსზეა. აღსანიშნავია, რომ ტაძრის რესტავრაცია 2016 წელს დაიწო და 2020 წლამდე გაგრძელდება.

რესტავრაციის დროს აღმოჩნდა, რომ ტაძარში სამარხები იყო, რომლებიც, ადგილობრივი სომეხი ეროვნების მოსახლეობის თქმით, მათი წინაპრებისაა და სწორედ ამ მიზნით მოითხოვენ საფლავებზე ტრადიციული სომხური ქვაჯვრის დადგმის უფლებას.

 ახალქალაქის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი და "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი აშოტ საარიანი ადგილობრივებს მოუწოდებდა, რომ ქვაჯვარი 4 ოქტომბერს აღემართათ, რადგან ამ დროისთვის მათ პრობლემა აღარ შეექმნებოდათ, თუმცა დეპუტატის სიტყვების მოსახლეობას არ სჯერა.

დაპირისპირება შაბათს მაშინ დაიწყო, როცა მოსახლეობა ტაძარში შესვლას მოითხოვდა, რაზეც დაცვის სამსახური არ დათანხმდა. მოსახლების მხრიდან გამოხატულ აგრესიაზე კი დაცვის პოლიციამ საპატრულოს გამოუძახა, რამაც ადგილობრივებში უფრო დიდი გაღიზიანება გამოიწვია. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს მოსახლეობამ ქვები დაუშინა, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანი დაშავდა და დაზიანდა ავტომობილები.

დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მათ გაათავისუფლებენ.

მოსახლეობის აგრესიის ფონზე ადგილზე პოლიციის სპეცრაზმიც ჩავიდა, რომელიც ადგილობრივებს ტაძრის ეზოში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. მოსახლეობას შეხვდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთაძეც, რომელთა ჩასვლის შემდგომ სიტუაცია განიმუხტა, თუმცა მეორე დღეს მოსახლეობა იმავე მოთხოვნით მივიდა ტაძრის ტერიტორიაზე.

როგორც "რუსთავი 2" აცხადებს, ადგილობრივები ომით იმუქრებიან.

"თუ არ მოგვცემენ ჯვრის დადგმის საშუალებას, აქ მოხდება ომი. რესტავრატორები ჩვენი წინაპრების ნეშტებს პატივს არ სცემენ. ტომრებში ჩაყარეს ჩვენი ბაბუების და მამების ძვლები", - აცხადებენ ადგილობრივები.

"მთელი კვირა" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ეს სამარხები მოსახლეობამ უნებართვოდ გააკეთა სამიოდე თვის წინ. მომავალში არათუ ქვაჯვარი დაიდგმება ეკელსიის შიდა ეზოში, არამედ სამარხები გადაინაცვლებს ტაძრის გარეთ სპეციალურად შერჩეულ ადგილზე.

"ეს ძვლები დაახლოებით სამი თვის წინ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უნებართვოდ დამარხეს ტაძრის ეზოში. მიუხედავად ამისა, ეს ამბავი მშვიდობიანად გავატარეთ. მაგრამ ახლა მათ მოინდომეს, რომ საფლავებზე ქვაჯვარი აღემართათ, რასაც ჩვენ შევეწინააღმდეგეთ. ადგილზე იყო სახელმწიფო დაცვა და მასთან მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რაც კანონით დაუშვებელია.

"სანამ არ ჩატარდება საფუძვლიანი არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები, მანამდე ეკლესიის ეზოში არანაირი ქვაჯვარი არ განთავსდება და, სავარაუდოდ, ეს არც სამომავლოდ იქნება დაშვებული. ეს ჩვენი პრინციული პოზიციაა.

"ის სამარხები, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ თვითნებურად გააკეთა, მომავალში შერჩეულ ადგილზე, გალავნის გარეთ გადასვენდება. ზოგადად, ამ ძვლების წარმომავლობა დასადგენია, სავარაუდოდ, ეს არის გასულ საუკუნეში დაღუპული ადამიანების ნეშტები.

"სააგენტოს პრინციპული პოზიციაა, რომ ძვლები ეკლესიის გალავნის შიგნით არ უნდა იყოს. ეს ქვაჯვარი და სამარხი უნდა იყოს გალავნის გარეთ.

"მოსახლეობასთან არაერთი შეხვედრა გვქონდა. მათ თავად პროცესთან, ანუ რეაბილიტაციასთან პრობლემა არ აქვთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, დიდი ალბათობით, ეს ქმედება პროვოცირებულია და ეს მოვლენები ერთი დიდი გეგმის ნაწილია. ეს ჩვენი ვარაუდია", - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "მთელ კვირასთან" აცხადებს, მისთვის დაუჯერებელია, რომ ეს არ არის დაგეგმილი ქმედება. მისივე თქმით, თუკი არჩევნების გამო ხელისუფლება დათმობაზე წავა და სომეხ მოსახლეობას თავიანთი ნიშნის დადგმის საშუალებას მისცემს, მომავალში ეს იმის საბაბი გახდება, სომხურ ეკლესიას გაუჩნდეს იმის პრეტენზია, რომ ეს ეკლესია სომხურად გამოაცხადონ.

"საკითხი ძალზე მარტივად დგას - ხელისუფლება ვალდებულია, მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს. თუ მოსახლეობის მხრიდან მოხდა კანონის დარღვევის ფაქტი, შს მინისტრი საქმის გაცნობის გარეშე, სიტუაციის განმუხტვის მიზნით არ უნდა ჰპირდებოდეს ადგილობრივებს, რომ ამ პირებს გაათავისუფლებენ, ეს არის პროვოცირება.

 "ჩვენ ვიცით, რომ ამ რეგიონში არსებობენ ძალები, რომლებიც დიდი ხანია, თავის საათს ელოდებიან. ეს ჩახალიანები ტყუილად კი არ იყვნენ დაპატიმრებულები. ის, რომ პოლიტიკური მოსაზრებით მათ პოლიტპატიმრის სტატუსი მიეცათ, არ ნიშნავს, რომ ჩახალიანები და მისი მომხრეები სეპარატისტები აღარ არიან. ეს იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება ცდილობს, დღეს გადაჭრას პრობლემა და უკვე აღარ აინტერესებს, ხვალ რა მოხდება.

"რასაკვირველია, საკითხი მოითხოვს შესწავლას. იქ თუ მართლაც ამდენი ხანია, სამუშაოები მიმდინარეობს და დღეს მოუნდა მოსახლეობას სიმბოლური ნიშნის გაკეთება ტაძრის ეზოში, ხვალ ხომ არ მოჰყვება ამას ის, რომ სომხური მხარე ამ ეკლესიის სომხეთისთვის გადაცემას მოითხოვს, ისე, როგორც თბილისში მოითხოვეს? ამ ქვაჯვრის დადგმით იქმნება ნივთმტკიცება.

"ვერავინ დამაჯერებს, რომ 2-3 მოქალაქეს მოუვიდა აზრად, ეს ნაშთები დაემარხა და თავიანთი ნიშანი დაედგათ, რომელიც მომავალში ძალზე ქმედითი ნივთმტკიცება იქნება სომხეთის ეკლესიისთვის. ხვალ და ზეგ რომ სომხეთის წარმომადგენლები ჩამოვლენ, იმას იტყვიან, რომ ამ ეკლესიის მშენებლობას სომხები შეეწირნენ, მათი აშენებულია და ა.შ. ეს შორს გამიზნული აქციაა და ვერავინ დამაჯერებს, რომ ესენი თავიანთ წინაპრებს მისტირიან.

"სხვათა შორის, ასეთი ფაქტების გამოა, რომ საქართველო სომხეთის ელჩს უკვე ოთხი თვეა, აგრემანს არ აძლევს და ძალიან სწორიც არის. ახლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავუშვათ, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გამო დათმოს პოზიცია და მათ ამ ქვაჯვრის აღმართვის საშუალება მისცენ, რათა არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიაროს, ამ საქციელით მოსახლეობის გული მოიგონ და მათი ხმები მოიპოვონ", - აცხადებს პოლიტოლოგი.

კუმურდოში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, რომელმაც აღნიშნა, რომ იყო შეხლა-შემოხლა და, სავარაუდოდ, დანაშაულიც, თუმცა უფრო კონკრეტულ კომენტარს სიტუაციის დეტალურად გაცნობის შემდგომ გააკეთებს.

"ჩვენ ვაპირებთ საქმის შესწავლას, მათ შორის ამ პროცესში რამდენად იყო დაცული ადამიანის უფლებები და მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას ამ საკითხზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ჩვენ სრული სურათი არ გვაქვს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სავარაუდო დანაშაულსაც ჰქონდა ადგილი, იყო შეხლა-შემოხლა. დაზიანდა ასევე რამდენიმე პოლიციელი და ავტომობილი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა დეტალში გავერკვეთ და ამის შემდეგ გავაკეთოთ შესაბამისი განცხადება. ჩვენი ოფისი ახალქალაქში არის ჩართული უშუალოდ ამ პროცესის მონიტორინგში", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

"ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა. მე-10 საუკუნის ტაძარს, რომლის რესტავრაციაც მიმდინარეობს, შსს-ს დაცვის პოლიცია იცავს.

"დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ტაძრის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ადგილზე მისულ პოლიციას კი ქვები დაუშინეს.

"შემთხვევის შედეგად დაშავდნენ პოლიციელები, ასევე დაზიანდა შსს-ს ბალანსზე აღრიცხული რამდენიმე ავტომანქანა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით, სსკ-ის 187-ე მუხლის 1 ნაწილით, სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×