რეზონანსი
02.10.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია დაიწყო.

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები ერთ ლარად გადაეცემა.

აქციაზე თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი იმყოფება, რომელმაც აღნიშნა, რომ ივანიშვილისთვის ტერიტორიის გადაცემას არ დაუშვებენ.

"ჩვენ არ დაველოდებით არჩევნებს და არ მივცემთ მერიას უფლებას, რომ საბოლოოდ დაუდასტუროს საკრებულოს ტერიტორიის გადაცემა ივანიშვილისთვის. რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვლება, თუმცა ტერიტორიის გადაცემის საშუალებას არც არჩევნებამდე მივცემთ. თუ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, რა თქმა უნდა, ეს აქცია ერთჯერადი იქნება, მაგრამ თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტული იქნება", - განაცხადა უდუმაშვილმა.

თბილისის მერიის შენობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველებს მერიის შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საკრებულოს სხდომაზე ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე იმსჯელეს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×