(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფოციალური ცერემონია პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში, ბელემის სასახლეში გაიმართა.
მარგველაშვილმა და პორტუგალიის პრეზიდენტმა, მარსელო რებელო დე სოუზამ ბელემის სასახლეში პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები გამართეს.
პრეზიდენტებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს და პორტუგალიის სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი.
მარგველაშვილმა პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.
გარდა ამისა, მარგველაშვილმა პორტუგალიის პრეზიდენტს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში რევაზ ბეშიზე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.