(რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მხარდამჭერების ნაწილმა თბილისის მერიის მეორე შესასვლელთან გადაინაცვლეს.
ისინი ნიკა მელიას ხელმძღვანელობით მერიაში ახლა უკვე შესვლას აღნიშნული შესასვლელიდან ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას დაცვის სამსახურის თანამშრომლები არ აძლევენ.
როგორც დაცვის სამსახურის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს განუმარტავენ, მათ შენობაში შესვლის უფლება არ აქვთ, რასაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები არ ეთანხმებიან.
რამდენიმე წუთის წინ, თბილისის მერიის შენობაში შესვლას შეეცადნენ, თუმცა მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ამის უფლება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საკრებულოს სხდომაზე ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე იმსჯელეს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.