რეზონანსი
02.10.2017

 (რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მერიასთან მიმდინარე აქციიდან სუს-ის წარმომადგენლებმა გაიტაცეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„სუს-ის თანამშრომლებმა აქციიდან მომიპარეს. როდესაც მერიის შენობაში შევყავდი იძახოდნენ რომ დავსაჯოთ, დავსაჯოთო. მცემეს, მირტყეს, მერიაში მომიპარეს და შემდეგ გამომაგდეს, რომ ეს მერე არ გვინდაო,"-აცხადებს ხაბეიშვილი.

მისივე თქმით, მას ფიზიკურად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები უსწორდებოდნენ და მათ შორის იყვნენ სუს-ისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

„სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები მირტყამდნენ, რომლებიც სუს-ის წარმომადგენლები იყვნენ. მერიის მაღალი თანამდებობის პირები თავზე მადგნენ, შეეშინდათ და სასწრაფო გამოიძახეს. თუ არ ვცდები, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პაპაშვილი ჩემს ცემას უყურებდა. მას ამ დროის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. შემდეგ გამომაგდეს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერიასთან მიმდინარე "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე, სამი ადამიანი დააკავეს. მერიასთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პარტიის ლიდერებმა მერიის შენობაში შესვლა სცადეს.

თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის" წევრები მხარდამჭერებთან ერთად, საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები ერთ ლარად გადაეცემა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×