(რეზონანსი) დედაქალაქის მერიასთან გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ექვსი პირი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა მოინახულეს.
როგორც ომბუდსმენი ამბობს, მათ დაზიანებები აღენიშნებათ და ეს საკითხი გამოძიებამ უნდა შეისწავლოს.
"ჩემმა წარმომადგენლებმა დაკავებულები მოინახულეს. მათ სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა ექიმის თქმით, ეს დაზიანებები არ არის სერიოზული. ჩვენს მიერ გამოთხოვილია დოკუმენტაცია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ მათგანს ფიქსატორი გაუკეთეს, რომელიც 10 დღის განმავლობაში უნდა ატაროს, ადასტურებს, რომ დაზიანებები მათ რეალურად დაკავების დროს მიადგათ. ეს ფაქტი საგამოძიებო უწყებებმა უნდა შეისწავლონ და ჩვენ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით", - განაცხადა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დედაქალაქის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის" წევრების და მათი მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციაზე ექვსი პირი დააკავეს.