პუშკინის სკვერის მიმდებარედ ავტოსადგომის მოწყობასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს.
მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია საინვესტიციო ვალდებულებებით შესაბამის კომპანიას გადაეცა, რომელმაც უნდა მოაწყოს მიწისქვეშა პარკინგი, რაშიც მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
„მინდა გამოვეხმაურო იმ უსამართლო განცხადებებს დ არასწორ ინფორმაციას, რომელსაც ე.წ. ოპოზიცია, კონკრეტულად, ორივე ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს, რომ თითქოს პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომი საჩუქრად გადაეცა ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია“, - აცხადებს დედაქალაქის მერობის კანდიდატი.
კალაძის თქმით, დაახლოებით, ათი ადგილია ქალაქში მონიშნული, სადაც ავტოსადგომები უნდა განთავსდეს და ამათგან ერთ-ერთი სწორედ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაა.
„ერთის მხრივ, ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ ქალაქში პარკინგის სერიოზული პრობლემაა, მეორეს მხრივ კი ეწინააღმდეგებიან მსგავსი პროექტების განხორციელებას. მიზეზი მარტივია - მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია, იმიტომ, რომ ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყანაში“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძემ ასევე დეზინფორმაცია უწოდა თაბორის მთაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მიწების მითვისების შესახებ ოპონენტების კიდევ ერთ ბრალდებას. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, თაბორის მთაზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარწყავი სისტემის მოწყობა მწვანე ნარგავებისთვის, ხოლო იმ პროექტის განხორციელებით, რომელიც ამ ტერიტორიაზე იგეგმება და გულისხმობს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, ასევე, ულამაზესი მწვანე სივრცის შექმნას, თაბორის მთა გახდება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ევროპაში, სადაც თითოეულ თბილისელს შესაძლებლობა ექნება ავიდეს და განიტვირთოს.
„ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ქალაქის წინსვლას და განვითარებას. ჩვენ ეკოლოგიასაც მოვაწესრიგებთ, ტარანსპორტსაც მოვაწესრიგებთ, შეიქმნება საპარკინგე სივრცეები. ის ძალიან მძიმე, არსებული ვითარება პარკირებასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს შემოვიდა და კაბალური ხელშეკრულება იქნა გაფორმებული, ჩემი მერობის პირობებში სამართლებრივად დასრულდება. ასევე დავასრულებთ მიდგომებს, რომ მიზანმიმართულად ვრცელდებოდეს დეზინფორმაციები და პასუხის გამცემიც არ იყოს არავინ, ეს ძალიან საწყენია. არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იცრუოს, მოიტყუოს და მოსახლეობაში შეიყავანოს შეცდომაში. მართლა არ ბნელა ქვეყანაში, არ არის მხოლოდ „პარტია რუსთავი 2“, არის სხვა შესაძლებლობებიც, არსებობს ინტერნეტი და სწორი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი კი აცხადებს, რომ თბილისის ქონების ასე განიავებას არ დაუშვებს და თუ მერია აღნიშნულ გადაწვეტილებას არ შეცვლის, აქციები კვლავ გაგრძელდება.
შეგახსნებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” პუშკინის კვერის მიმდებარე და თაბორის მთაზე არსებული მიწისნაკვეთის საკითხზე 2 დღს წინ აქციაც გამართა. მოგვიანებით, საქმეში პოლიცია ჩაერთო და “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერი რამდენიმე პირი დააკავა.
“არ დავუშვებთ, რომ თბილისის ქონება ასე განიავდეს და ერთი კაცის ნება სურვილის მიხედვით დარიგდეს.
“ჩვენ ვითხოვთ, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარედ და თაბორის მთაზე არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით მერიამ გასხვისების გადაწყვეტილება არ მიიღოს და საკითხი უკან, საკრებულოში დაბრუნდეს.
“ახლა სწორედ მერიამ უნდა გადაწყვიტოს, რომ ეს ქონება, რომელსაც საკრებულომ სტატუსი შეუცვალა, გადაწყვიტოს მისი გასხვისება ბიძინა ივანიშვილზე და დაუბრუნოს საკრებულოს დოკუმენტი განსახილველად. არჩევნების შემდეგ, ბუნებრივია, ეს ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ არჩევნებამდე უნდა გავაჩეროთ ამ გადაწყვეტილების მიღება,” – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი და აღნიშნავს, რომ აქციები გაგრძელდება თუ არა, ეს მერიაზე იქნება დამოკიდებული.
“თუ მერია წამოვა ჩვენს წინადადებაზე, ბუნებრივია, შევწყვეტთ აქციებს, მაგრამ თუ არ წამოვა, ეს აქციები პერმანენტული, უფრო ძლიერი და ხმამაღალი იქნება,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.