(რეზონანსი) თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელი აქციის დროს დაკავებული ექვსი პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
მათი პროცესი 17 ოქტომბრისთვის გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი მოსამართლის დადგენილება გახდა. მოსამართლე ნინო ჭალიძის გადაწყვეტილებით, მერიას სასამართლოსგან დადგენილება გაეგზავნება, რომ სასამართლოს 2 ოქტომბრის აქციის ამსახველი სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები წარუდგინოს.
აღნიშნული ჩანაწერები მერიამ სასამართლოს დადგენილების ჩაბარებიდან ხუთი დღის განმავლობაში უნდა წარადგინოს.
მოსამართლემ სამართალდამცველებს, რომლებიც ამ პირების დაკავებაში მონაწილეობდნენ, სამხრე კამერების ჩანაწერების წარმოდგენაც მოთხოვა, თუმცა მათ ეს ჩანაწერები არ აღმოაჩნდაათ.
როგორც სამართალდამცავებმა განმარტეს, აქციის დროს წვიმა იყო, შესაბამისად მათ საწვიმარი ლაბადები ეცვათ და სამხრე კამერების დამაგრება ვერ მოახერხეს.
ცნობისთვის, გუშინ დედაქალაქის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციაზე ექვსი პირი დააკავეს.