"ზოგადად პოლიტიკური პარტიების ზუსტი რეიტინგები არ ვიცი, თუმცა როგორც კულუარებში გავიგე, შიდა პარტიული კვლევებით კალაძეს 35% აქვს, ელისაშვილს კი 25%," აცხადებს "რეზონანასთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
არჩევნებამდე 2 კვირით ადრე პოლიტიკური პარტიების რეალური რეიტინგები ცნობილი არ არის, თუმცა სოციოლოგიური და შიდაპარტიული კვლევებით ერთგვარი მანიპულაცია უკვე დიდი ხანია დაწყებულია. ყველა კვლევით "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახი კალაძე ლიდერობს, თუმცა მთავარი ინტრიგა მეორე ტურთან დაკავშირებით იკვეთება. Iქნება თუ არა საერთოდ და ვინ გავა მეორე ტურში, დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი თუ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი?! სხვადასხვა სოცილოგიური კვლევებით, სასწორის პინა ელისაშვილისკენ იწევა, თუმცა მთავარი შედეგი 21 ოქტომბერს გამოჩნდება.
აღსანიშნავია, რომ ასეთ სოციოლოგიურ კვლევებს პერიოდულად ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი "ენ-დი-აი" და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი "აი-არ-აი" აქვეყნებენ.
"ენ-დი-აის" ბოლო კვლევის მიხედვით, სადაც შეკითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, თბილისის მერობის რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს, კახა კალაძეს ("ქართული ოცნება") აქვს 30%, ალეკო ელისაშვილს (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 19%, ზაალ უდუმაშვილს ("ნაციონალური მოძრაობა") - 18%, ელენე ხოშტარიას ("ევროპული საქართველო")- 5%, არ იცის 12%-მა და პასუხზე უარს ამბობს 4%.
ასევე ცნობილი ხდება, რომ შიდა კვლევა "ოცნებამაც" ჩაატარა, თუმცა პროცენტული მონაცემები და პოლიტიკური სურათი განსხვავებულია. ერთადერთი მსგავსება ისაა, რომ თბილისის მერობისთვის ბროლაში პირველი ადგილი უჭირავს კახა კალაძეს, თუმცა "ენ-დი-აი"-ს კვლევაში მას 30% აქვს და მეორე ტურის ალბათობა დიდია, "ოცნების" შიდა კვლევაში - 40%-მდე და მეორე ტურის საჭიროება არ ჩანს, რადგან ოპოზიცია სერიოზული კონკურენციისათვის საკმარის ხმებს ჯამურადაც ვერ აგროვებს.
ინტერნეტ გამოკითხვა ჩაატარა ვებ-გვერმა "მეტრონომმა" სადაც 29 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ვის ისურვებდით თბილისის მერად ამ კითხვაზე პასუხები ასე გადანაწიდა: კახი კალაძე 29%, ალეკო ელისაშვილი 27%, ელენე ხოშტარია 14%, არცერთს კანდიდატს 12% გამოკითხულთა 13% კი თბილის მერად "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ზაალ უდუმაშვილს ისურვებდა.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, ბოლო დღეებში "ოცნების" რეიტინგი საგრძნობლად დაეცა, ამიტომ ფიქრობს, რომ მეორე ტურის ალბათობა დიდია.
"უკანსკნელ დღეებში საგრძნობლად დაეცა "ოცნების" რეიტინგი. ვუყურებდი გამძინვარებულ პოლიციელებს და გამახსენდა არც თუ ისე შორეული წარსული. ზუსტად ასე იწყებოდა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ტრაგედია. ზომაგადასული ძალადობა და მეორეს მხრივ, რაღაც ბრიყვული ცინიზმი - თერთის შავად მოჩვენების მცდელობები.
"მახსოვს ჯაბა ჯიშკარიანი, რომელიც საყოველთაო სიმპათიას იმსახურებდა იმის გამო თუ როგორ იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ. ვუსმენდი მას და გაოცებული დავრჩი, როდესაც ამბობდა, სტუდიიდან გასვლის შემდეგ თავგატეხილი მივდიოდი სახლშიო. ეს სიმართლე იყო, მაგრამ როდესაც ის ამ სიტყვებს ამბობდა, ზუსტად მაშინ ორი თავგატეხილი დემონსტარტი საავადმყოფოში იწვა.
"როგორც ვუყურებ, სუფთა ქართული ფენომენია, როდესაც სამართლიანობისათვის მებრძოლები მოდიან ხელისუფლებაში და უცებ იცვლებიან. და პოლიტიკური დალტონიზმი ემართებათ", - ამბობს "რეზონანსთან"საუბრისას ცინცაძე.
მისივე თქმით, შიდაპარტიული კვლევებით "ქართულ ოცნებას" 35% აქვს, მეორე ადგილზე კი 25%-ით ელისაშვილი გადის.
"ზოგადად პოლიტიკური პარტიების ზუსტი რეიტინგები არ ვიცი, თუმცა როგორც კულუარებში გავიგე, შიდა პარტიული კვლევებით კალაძეს 35% აქვს, ელისაშვილს კი 25%.
"მეორე ტურის ალბათობა დიდია. კალაძისთვის კომფორტული იქნებოდა პირველივე ტურში გამარჯვება, თუმცა ვნახოთ ამ დარჩენილ ორ კვირაში რა მოხდება. იმიტომ, რომ ცოცხების თემა რომ არ ყოფილიყო 2012 წლის არჩევნებში "ქართულ ოცნებას" "ნაციონალების" დამარცხება გაუჭირდებოდა.
"მეორე ტურის შემთხვევაში კალაძეს შებრძოლება მოუწევს ელისაშვილთან მაშინ კი არსებობს საფრთხე, რომ "ქართულ ოცნებაზე" განაწყენებულმა ამომრჩეველმა ელისაშვილის მისცეს ხმა", - განაცხადა ცინცაძემ.
რეიტინგებზე საუბარი არასერიოზულად მიაჩნია სოცილოგს ამირან ბერძენიშვილს. იგი დარწმუნებულია რომ ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსებით "ოცნება" მოიგებს და, შესაძლოა, პირველივე ტურშიც.
"კვლევები არ ჩამიტარებია, თუმცა როგორც "ენ-დი-აის" ბოლო ანგარიშშია ასახული, არაკონკურეტ უნარიანი გარემოა, ამიტომ რაიმე რეიტინგებზე ლაპარაკი შეუძლებელია. ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ "ქართული ოცნება"მოიგებს. მათ აქვთ ყველანაირი რესურსი - ადმინისტრაციული, ფინანსური და სხვა. ამიტომ რეიტინგებზე საუბარი არასერიოზულია.
"ადრე ვფიქრობდი რომ მეორე ტური გაიმრათებოდა, ახლა კი მეეჭვება. ისე წარმართავენ წინასაარჩევნო კამპანიას. ხოლო თუ მაინც საჭირო გახდება მეორე ტურის ჩატარება, ვფიქრობ, ელისაშვილს უფრო მეტი შანსი აქვს გასვლის, ვიდრე ზაალ უდუმაშვილს. ელისაშვილი არ არის ასოცირებული არცერთ პარტიასთან, ამიტომ ისეთი ხალხი მისცემს ხმას, ვინც პოლიტიკაში არ არის ჩართული და მაგას პარტიებიც დაუდგებიან გვერდში", - გვითხრა ბერძენიშვილმა.