რეზონანსი
04.10.2017

 (რეზონანსი) საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, პროექტის „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო" ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიის აეროგადაღება დაასრულა.

რეესტრის ცნობით, მიღებულ ზუსტ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მონაცემებზე დაყრდნობით, მომზადდება სიმაღლური მოდელი და ორთოფოტოგეგმები, რომლებსაც საჯარო რეესტრი კადასტრის მაღალი ხარისხით წარმოებისთვის, ნავიგაციაში, სამგანზომილებიანი მონაცემების შესაქმნელად და სხვა მრავალი დანიშნულებით გამოიყენებს.

პროექტს „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო", რომლის დაფარვის არეალი დაახლოებით 40 000 კვ.კმ. შეადგენს, საჯარო რეესტრი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს (STATENS KARTVERK) ხელშეწყობით ახორციელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის და მოცულობის აეროგადაღებები და ერთიანი ორთოფოტოსურათის შექმნა ქვეყანაში პირველად ხდება.

"რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო" პროექტის დაწყებამდე, საქართველოში კონკრეტული არეალების აეროფოტოგადაღება სახელმწიფოს დაკვეთით სულ სამჯერ (2000, 2005 და 2010 წწ.) განხორციელდა. თუმცა, სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო, სამუშაოები სპონტანურად წარმოებდა. ორთოფოტოგეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიური დარღვევებით იყო შექმნილი და თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.

საჯარო რეესტრისა და ნორვეგიის კარტოგრაფიული ორგანოს ერთობლივი პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში საკუთრების უფლებების დაცვის, მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და მიწის მართვის პროცესებს. ამას გარდა, ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დარგების განვითარებას, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) კონცეფციისა და ევროკავშირის INSPIRE დირექტივის შესაბამისად, გეოგრაფიული მონაცემების კომბინირებას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×