(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს 20 თვეში - 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებებში 199 586 ლარი აქვს დახარჯული. ინფორმაციაა „აიპრესი" პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პასუხზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული ინფორმაციით, პრეზიდენტს ყველაზე მეტი სამივლინებო თანხა 2016 წლის აპრილში გამოეყო - 78 153 ლარი. მოწოდებულ ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული კონკრეტულად სად იმყოფებოდა პრეზიდენტი მივლინებებით, შესაბამისად უცნობია რომელ ქვეყანაში (ან ქვეყნებში) ვიზიტისას დაიხარჯა აღნიშნული თანხა და რას ემსახურებოდა ეს ვიზიტ(ებ)ი.
პრეზიდენტს მოცემული 20 თვიანი პერიოდიდან ყველაზე ცოტა 2017 წლის ივნისში აქვს დახარჯული - 1638 ლარი, მოწოდებულ ინფორმაციაში არც ეს არის დაზუსტებული სად იმყოფებოდა მივლინებით პრეზიდენტი ივნისის თვეში.
ამასთან, პრეზიდენტს მივლინებისთვის საერთოდ არ აქვს დახარჯული თანხები 2016 წლის იანვარსა და თებერვალში, ასევე სექტმბერსა და ოქტომბერში. პრეზიდენტის მივლინებისთვის თანხები არ გამოყოფილა არც მიმდინარე წლის იანვარში, აპრილში, ივლისსა და აგვისტოში.