საკრებულოს გადაწყვეტილებაზე და მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე “რეზონანსი” ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
ვახტანგ ძაბირაძე: საკრებულოში როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ ალბათ წინასწარ იცოდნენ, ამას რომ პროტესტი მოჰყვებოდა. ამ შემთხვევაში ოპოზიცია და ხელისუფლებაც ცდილობს, რაღაც დაძაბულობა შეიტანანონ ამ არჩევნებში, რომ მოსახლეობას გაუჩნდეს განცდა, რომ არჩევნებზე მისვლა აუცილებელია.
ამ შემთხვევაში ხელისუფლების ნომერ პირველი კარგი პარტნიორი არის “ნაციონალური მოძრაობა”. ასე რომ, საკრებულოში დაწყებული პროცესები და გაგრძელებული მერიასთან, ორივე ემსახურება იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” წარმოჩნდეს, როგორც საფრთხობელა და მოსახლეობა აიძულონ წავიდნენ არჩევნებზე. ანუ ზეწოლა მიმდინარეობს მოსახლეობაზე.
“რეზონანსი”: თქვენი აზრით, არჩევნებზე მივა ხალხი?
ვ.ძ: არ ვიცი, რაიმე ეს, შედეგს გამოიღებს თუ არა. მაგრამ ფაქტია, რომ მათი მცდელობა სწორედ ეს არის. ჯერ იყო, რომ გარკვეული ეიფორია გაჩნდა საზოგადოებაში სააკაშვილის მიერ უკარაინის საზღვრის გადაკვეთისას, შემდეგ დავით კეზერაშვილის მიმართ გამოთქმული ბრალდებები და ახლა გამოჩნდა ეს თემა, რომელიც აიტაცა მთელმა საზოგადოებამ.
ხელისუფლებას ეს რაში აწყობს, ესაა მთავარი?!, თუმცა, მგონი ხელისუფლებას იმისთვის აწყობს, რომ ამომრჩეველი მიიყვანოს არჩევნებზე.
ამომრჩეველი, რომელიც ჩამოყალიბებულია, არჩევნებზე მივა. ხელისუფლებას უნდა, რომ შექმნას რაღაც საფრთხე, რომ ნეიტრალური ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე.
თუ ნეიტრალურ ამომრჩეველს მიიყვანს არჩევნებზე, მაშინ გარანტირებული აქვს პირველ ტურში გამარჯვება თუ არ მივიდა ხალხი არჩევნებზე, მაშინ დაინიშნება მეორე ტური.
ასე რომ, ამ შემთხვევაში დაპირისპირების ორივე მხარე სარგებელს ნახულობენ იმაში, რაც ხდება.
“რ”: “ნაციონალური მოძრაობა” რა სარგებელს ნახულობს, ეს იმოქმედებს მის რეიტინგზე?
ვ.ძ: ნეიტრალურ ამომრჩეველს “ნაციონალური მოძრაობა” ვერ წაიყვანს. მაგრამ “ნაციონალების” გაყოფის დროს გაიყო ამომრჩეველთა ხმებიც. კაცმა არ იცის, რომელი მეტია და რომელი ნაკლები, მაგრამ სააკაშვილის გამოჩენამ პოლიტიკურ ასპარეზე, ეს თანაფარდობა შეცვალა, ვფიქრობ “ნაციონალების” სასარგებლოდ.
დღესაც ეს საპროტესტო მუხტი ახალ ნეიტრალურ ამომრჩეველს `ნაციონალურ მოძრაობას~ ვერ შემატებს, მაგრამ შესაძლოა, ის ბალანსი ისევ შეცვალოს მათ სასარგებლოდ. Aნუ, ისე ამომრჩეველი, რომელიც გაყოფის შემდეგ გადაიხარა `ევროპული საქართველოსკენ~, შეიძლება “ნაციონალებს” დაუბრუნდეს.
“რ”: რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს თქვენი აზრით ვეტოს დადებას აქვს მნიშვნელობა?
ვ.ძ: ვეტოს დადებას ამ შემთხვევაში აქვს ის მნიშვნელობა, რომ ეს იქნება პოლიტიკური განაცხადი. თუ ლოგიკას გავყვებით, ეს იქნება ამ პროცესის ლოგიკური დასასრული, რასაც პრეზიდენტი კონსტიტუციასთან დაკავშირებით იჩენდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
მაგრამ გარანტია, რომ იგი ამას გააკეთებს, არ მაქვს. თუმცა, მგონია, რომ მან თავის პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
ხოლო, ის, რომ ასეთი კონსტიტუციის მიღება, ან ვეტოს დადება ქუჩაში ხალხს გამოიყვანს და რაღაც ნებათაღელვა შეიქმენება, ასე არ არის.
“ნაციონალების” მოწოდების მიუხედავად ვნახეთ, რომ აქციაზე ცოტა ხალხი მივიდა. ასე რომ, ოპოზიციას არ აქვს რესურსი რომ ქვეყანაში საპროტესტო ტალღა ააგოროს.
“რ”: და ეს ყველაფერი დასავლეთზე რა გავლენას მოახდენს?
ვ.ძ: დასავლეთს საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს იმისათვის, რომ მაინც და მაინც საქართველოზე არ იყოს ორიენტირებული. მაგრამ, რა თქმა უნდა, ერთპარტიული კონსტიტუციის მიღება იმუშავებს უარყოფითად ხელისუფლების იმიჯზე და გარკვეულწილად მის დემოკრატიულობას მინუსი დაეწერება.
თუმცა, ეს ევროპასთან ინტერგაციის პროცესს არ შეაფერხებს. არ იქნება კატეგორიული, ოფიციალური განცხადებები, თუმცა ვფიქრობ, რომ შევხედრების მოლაპარაკებების დროს დახურული კარს მიღმა მუდმივად იქნება ამაზე ლაპარაკი.