(რეზონანსი) ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს. ამის შესახებ ფანცულაიამ თბილისის პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა.
„სახელმწიფო უწყებებს პატივს ვცემ და აქ ამიტომ მოვედი, თუმცა ფარსში და დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას არ ვგეგავ, არ მსურს არც მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა და არც ისე", - აცხადებს ფანცულაია.
დეკანოზის ადვოკატები თბილისის პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების მასალების მედიაში გავრცელების გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში იბარებენ.
თბილისის პროკურატურაში ხვალ კიდევ ერთი ადვოკატი მია ზოიძეა დაბარებული, თუმცა არსებული ინფორმაციით ჩვენების მიცემას არც ის გეგმავს.
დეკანოზის კიდევ ერთი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში გუშინ იმყოფებოდა. თუმცა მას გამოძიებისთის ჩვენება არ მიუცია და განაცხადა, რომ კითხვებს პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით გასცემს.