თბილისის მერობის კანდიდატები საკუთარ საარჩევნო პროგრამებში ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად გარემოს დაცვას ასახელებენ. როგორც გასული წლის კვლევებმა აჩვენა, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით თბილისი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია.
მერობის თითოეულ კანდიდატს პრობლემის მოგვარების საკუთარი ხედვა აქვს. “რეზონანასი” რამდენიმე მათგანის მოსაზრებას გთავაზობთ.
„ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისს ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა და შესაბამისი სტრატეგია უნდა ჰქონდეს.
„დღეს გარემოს ყველაზე მეტად რაც აბინძურებს, მგონია, რომ არის ტრანსპორტი და მშენელობები. ასევე, მნიშვნელოვანია პარკების, რეკრეაციული ზონების არსებობა-განვითარება, ნარჩენების მართვის საკითხიც გვაქვს მოსაგვარებელი. სიცოცხლით სავსე ქალაქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქალაქის ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა,” - აღნიშნავს კახა კალაძე და მიიჩნევს, რომ თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განვითარდეს საბაგირო ხაზები, მოხდეს ელექტრომობილების პოპულარიზაცია.
“ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ღია წესით შეირჩევა და რაც მთავარია, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია მწვანე ზონად გადაიქცევა.
“გამოვისყიდით ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას ცენტრალური პარკის გასაშენებლად. მოვაწყობთ ახალ პარკებს ყოფილი ზოოპარკის და ორთაჭალის “სამთავრობო ქალაქის” ტერიტორიაზე. მოვაწესრიგებთ და გავამწვანებთ სკვერებს და ეზოებს. ასევე, გარემოს დაცვის სამსახურის ხემძღვანელს შევარჩევთ ღია წესით, საჯარო კონსულტაციების შედეგად”, - აცხადებს “ნაცმოძრაობის” მერობის კანდიდატი.
ამასთან, ზაალ უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ დედაქალაქში ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად, ტექდათვალიერების შემოღება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება.
“ადრე თუ გვიან ჩვენ მოგვიწევს ტექდათვალიერების აღდგენა. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ქალაქში იაროს გამართულმა ავტომობილმა. აქაც, ალბათ, არ შეიძლება ხისტი მიდგომა. სრული სტანდარტი რომ დავაწესოთ აქ, რაც ევროკავშირის მოთხონებია ავტომობილებზე, ყველა ის სტანდარტი ხვალვე რომ დააკმაყოფილოს, აქ უნდა გავითვალისწინოთ ძალიან ბევრი ავტომფლობელის სოციალური მდგომარეობა. ალბათ, ეტაპობრივად უნდა მოხდეს გამკაცრება იმ ნორმების, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს, რომ ქალაქში იაროს სრულიად გამართულმა ავტომობილებმა, არ შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ ადამიანები”,- განაცხადა უდუმაშვილმა.
“ევროპული საქართველოს" კანდიდატი ელენე ხოშტარია აქცენტს მწვანე საფარის მოვლასა და სარეკრეაციო სივრცეების შექმნაზე აკეთებს.
"ჩვენ უნდა მოვუაროთ მწვანე საფარს. გარდა ცენტრალური პარკისა, აუცილებლად უნდა შევქმნათ სარეკრეციო სივრცეები, მოვუაროთ მწვანე საფარს, რომელიც ქალაქში უამრავი გაგვაჩნია. მაგალითად, ავჭალაში ვნახე არაჩვეულებრივი მეფუტკრეობის დასახლება, სადაც ყველაფერი ხმება, ამას ჭირდება მისვლა, მიხედვა და მოვლა. ამის შემდეგ ის გახდება ადამიანებისთვის ძალიან სასიამოვნო სარეკრეაციო სივრცე. ასევე ხუდადოვის ტყე, ასევე დენდროლოგიური პარკი, არსებობს უამრავი ადგილი, რომელსაც ჭირდება მოვლა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ადამიანებს უნდა შეეძლოთ იქამდე მისვლა. ამ ყველაფერის შემდეგ ჩვენ ყველა ვიცხოვრებთ ქალაქში, სადაც სიტყვა "ვიხრჩობი" და "ჰაერი არ არის" დასრულდება. თბილისში სრულიად შესაძლებელია პენსიონერები არ ტიროდნენ, ადამიანები დასაქმებულები იყვნენ და გვქონდეს სუფთა ჰაერი"- აცხადებს ელენე ხოშტარია.
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით ქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა.
მისი თქმით, საქართველო ჰაერის დაბინძურებისა და ეკოლოგიური პრობლემების კუთხით მოწინავე ქვეყანაა, რაც გარკვეულწილად გასული 15 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტიების, ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” დამსახურებაა.
”90 პროცენტით ჰაერი გამონაბოლქვით ბინძურდება. ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამო, რომელიც გაუმართავია, 3-ჯერ არის გოგირდის დიოქსიდის ნორმა გაზრდილი. ამის გამო კატასტროფულად არის გახშირებული სიმსივნური დაავადებები. მტვერთან და გამონაბოლქვთან ბრძოლისთვის აუცილებელია გამართული ტრანსპორტი დადიოდეს ქალაქში. სიმწვანეს რაც შეეხება - სიმწვანე ერთ სულ მოსახლეზე კვადრატული მეტრობით ითვლება და არა ცალობით. ეს სისულელეა. თბილისში 80-იან წლებში 12 კვადრატული იყო ერთ სულ მოსახლეზე. დღეს ეს მაჩვენებელი სამ კვადრატულზე ნაკლებია”, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი და აღნიშნავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქში გამწვანებას გააოთხმაგებს.
რაც შეეხება “ბურჯანაძე-დემოკრატების” თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კუკავა, როგორც ის აცხადებს, ეკლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია, რომ მწვანე და ისტორიულ ზონაში ყვენაიარი მშნებელობის აკრძალვა მოხდეს.
“ეკოლოგიურ ჭრილში ჩვენი ამოცანაა, რომ მწვანე და ისტორიულ ზონაში კატეგორიულად აიკრძალოს ნებისმიერი სახის მშენებლობა, ხოლო თბილისის დანარჩენ ნაწილში მშენებლობა დაექვემდებაროს ქალაქის განახლებულ გენერალურ გეგმას,"- აცხადებს კუკავა.