(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დასრულდა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნები ისევ უცვლელია. მნიშვნელოვანი საკითხებია პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.
„კომპრომისებისთვის მზად ვართ, მაგრამ არა პრინციპების ხარჯზე. ეს დაფიქსირდება ვენეციის კომისიასთან შეხვედრაზე. ამის შემდეგ ყველაფერი გახდება ცნობილი" , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
უმცირესობაში ფიქრობენ, რომ თანხმობის შემთხვევაში ე.წ. 5 პუნქტიანი დოკუმენტის ტრანსფორმირება ნაწილობრივ შესაძლებელია.
„მნიშვნელოვანია რომ ქვეყანას დაბალანსებული, არაერთპარტიული კონსტიტუცია ჰქონდეს. მნიშვნელოვანია ყველა მხარის მზადყოფნა რაციონალური კომპრომისისთვის, რათა შეთანხმებას მივაღწიოთ" , - აღნიშნა ნიკა რურუამ.
4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. 10 ოქტომბრამდე გაირკვევა, თუ რას ჩაწერს პრეზიდენტი მარგველაშვილი მოტივირებულ შენიშვნებში.