კონსტიტუციის ირგვლივ 10-თვიანი ვნებათაღელვა თავისი ლანძღვა-ბრალდებებით ჯერ ისევ არ დასრულებულა. დარჩენილია ბოლო ეპიზოდი - პრეზიდენტის ვეტო, რომლის შინაარსი ამდენთვიან ომში აუცილებლად კიდევ ერთი კრიტიკა-უკმაყოფილების ტალღას ააგორებს.
გიორგი მარგველაშვილი რთულ სიტუაციაშია. "ქართული ოცნება" მხოლოდ 2 საკითხზე ითხოვს ვეტოს დადებას, მთელი ოპოზიცია - 4 საკითხზე და რა ნაბიჯიც უნდა გადადგას მან, რომელიმე მხარის მხრიდან კრიტიკას აუცილებლად დაიმსახურებს. დიდი ალბათობაა, კრიტიკის ქარცეცხლი "ოცნებიდან" დაატყდეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უკვე ითქვა, რომ პრეზიდენტი ვეტოში უცვლელად ასახავს უმრავლესობის წინადადებებს და იმ პრინციპებსაც, რომელთაც ოპოზიცია და პრეზიდენტი ეთანხმებიან. ესაა 2 საკითხი - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წელს და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა ორპალატიანი პარლამენტის შექმნამდე. ხოლო თუკი ეს ბოლო 2 საკითხი დაემატება ვეტოს, "ოცნება" ვეტოს აუცილებლად დაძლევს და პრეზიდენტს დესტრუქციაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულებს.
"ქართული ოცნების" დირექტივაა, პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებში ასახოს 2 საკითხი, რაც კანონპროექტის 2 მოსმენით მიღების შემდეგ ბოლო მომენტში შეუთანხმა ვენეციის კომისიას. ის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში შენარჩუნდეს მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ ერთჯერადად უნდა დაიშვას საარჩევნო ბლოკები და ბარიერი ერთჯერადად დაიწიოს 3%-მდე. ხოლო მეორე - 2024 წლისათვის, როდესაც უკვე კონსტიტუციით მთლიანად პროპორციული საარჩევნო სისტემა შემოდის, გაუქმდეს ე.წ. ბონუსები და მანდატები პროპორციულად განაწილდეს ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა 5%-ზე მეტს მიიღებს. ორი დღის წინ შეხვდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პრეზიდენტს და ეს წინადადებაც მაშინ განიხილეს.
"ოცნების" ლიდერები მკაფიოდ აცხადებენ, რომ თუკი პრეზიდენტის ვეტოში ამ ორი საკითხის გარდა დამატებული იქნება კიდევ სხვა რამ, ისინი კონსტიტუციის პროექტზე ვეტოს აუცილებლად დაძლევენ.
პარალელურად არსებობს ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის შეთანხმება. ჯერ იყო ერთი თვის წინ შექმნილი კონსტიტუციის ალტერნატიული ვარიანტი, 5-პუნქტიანი დოკუმენტი, სადაც უმთავრესი იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ შემოღება, ბარიერის დაწევა 3%-მდე, ბლოკების დაშვება, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება და უშიშროების საბჭოს დატოვება.
გუშინ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეხვდა ოპოზიციას და ერთსაათიან შეხვედრაზე ახალი დოკუმენტი შეიმუშავეს.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, ოპოზიციამ და პრეზიდენტმა გადაწყვიტეს, რომ კიდევ გადაედგათ თანხმობის ნაბიჯი და 6-პუნქტიანი დოკუმენტის ტრანსფორმაცია მოხდა, რომელსაც უმრავლესობას წარუდგენენ.
ახალ დოკუმენტში 4 შეთავაზებაა - ბონუსების აკრძალვა და საარჩევნო ბლოკების დაშვება, ანუ ის ორი საკითხი, რომელთაც "ქართული ოცნება" ითხოვს, მესამე - პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020-ში, როგორც ეს თავიდანვე იყო "ქართული ოცნების" პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიცია და მეოთხე ის, რომ პრეზიდენტს პარლამენტი მაშინ აირჩევს, როცა ის იქნება ორპალატიანი, რაც ასევე იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიცია კომპრომისისთვის მზად არის, თუმცა არა პრინციპების დათმობის ხარჯზე, ბოლო 2 საკითხი კი ყველაზე პრინციპულია და მისი გაუთვალისწინებლობა დაუშვებელი კომპრომისი იქნება.
ზუსტად რას ასახავს გიორგი მარგველაშვილი ვეტოში, ეს ყველასთვის ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც ვეტო პარლამენტში გადაიგზავნება. მას მოტივირებული შენიშვნების წარსადგენად ვადა 10 ოქტომბრამდე აქვს და, დიდი ალბათობით, პარლამენტს ვეტო ორშაბათს უკვე ექნება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ვეტოს დოკუმენტი შეიქმნება მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიის სხდომა ჩატარდება და გამოქვეყნდება კომისიის საბოლოო დასკვნა.
ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა კი დღეს იმართება. განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებიან და ამ სხდომაზე პრეზიდენტის ახალი 4 შეთავაზებაც იქნება განხილული. დღის ბოლოს ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნასაც მოამზადებს და, დიდი ალბათობით, დღესვე გაირკვევა, მიიღებს თუ არა პრეზიდენტის ახალ შეთავაზებას ირაკლი კობახიძე.
თუმცა ამ ოფიციალურ განხილვამდე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის პოზიცია უცვლელია - იმ შემთხვევაში, თუკი კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს შეთავაზებული ორი საკითხის გარდა სხვა საკითხები დაემატება, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
"კონსტიტუციასთან დაკავშირებით სხვა საკითხებზე დისკუსია არის დახურული. კონსტიტუცია მიღებულია და რომელიმე სხვა საკითხის დამატების შემთხვევაში ჩვენ ვეტოს დაძლევაზე მოგვიწევს ფიქრი," - ამბობს მდინარაძე და ამით 4-პუნქტიანი შეთავაზების გაზიარებას გამორიცხავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი აანონსებენ, რომ ვენეციის კომისიის სხდომის დასრულებისა და დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ პრეზიდენტისა და ოპოზიციის კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება და საბოლოოდ იქ გადაწყდება, ვეტოში კონკრეტულად რა საკითხების ასახვა მოხდება - მხოლოდ "ოცნების" 2 პუნქტის თუ პლუს ოპოზიციის მიერ პრინციპულად მიჩნეული 2 პუნქტის.