(რეზონანსი) საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს დაამტკიცებს. დოკუმენტის მიღებამდე, კონსტიტუციის არსებულ რედაქციას პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძე წარადგენს. სამი მოსმენით მიღებული ცვლილებები, პარლამენტის დელეგაციამ კომისიის ხელმძღვანელობასთან უკვე განიხილა.
კომისიის პლენარულ სხდომას დაესწრება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანიც. ანა დოლიძე ევროპელ ექსპერტებს ცვლილებების 4 პუნქტიან ვერსიას გააცნობს. მისი თქმით, თუკი უმრავლესობა ამ ცვლილებებით მაჟორიტარების ხმებს დაკარგავს, კონსტიტუციას მხარს ოპოზიციონერი დეპუტატები დაუჭერენ.
მმართველი გუნდი ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ელოდება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა წინასწარ დასკვნაში მხოლოდ მცირე ცვლილებები შევიდეს. ირაკლი კობახიძე დღეს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას დაესწრება. გაიმართება შეხვედრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან და კომისიის მდივან თომას მარკერტთან.
„მოლოდინი რა თქმა უნდა, არის პოზიტიური, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული წინასწარი დადებითი დასკვნა ჩვენს დოკუმენტთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება ის დასკვნა, რომელიც იყო წარმოდგენილი. მხოლოდ მცირე ცვლილებები შეიძლება შევიდეს" , - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.