(რეზონანსი) ელისო კილაძე შს მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს. გაზეთ „ქრონიკა პლიუსის" რედაქტორის განცხადებით, გადაწყვეტილება განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ მიიღო. მისი თქმით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერება ბრალდებულს სამართალდამცველებმა ჩაუდეს.გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია, რომ საქმე მიმართული იყო არა დავით ხარშილაძის, არამედ „ქრონიკა პლიუსის" წინააღმდეგ.
განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ, ელისო კილაძე აპირებს სასამართლოს გიორგი მღებრიშვილისა და დაკავებაში მონაწილე პოლიციელების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს.
„შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ისევე, როგორც მთელი განყოფილების და აქ დადასტურებულია, რომ მთელი განყოფილება იმყოფებოდა ჩემი შვილის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციაზე, ყველა მათგანი უნდა იქნას დასჯილი" , - აცხადებს ელისო კილაძე.