რეზონანსი
06.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიამ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა დაამტკიცა, რომელიც პოზიტიურია. როგორც კობახიძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ქართულ მხარეს ვენეციის კომისიასთან წინასწარ ჰქონდა საუბარი იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც მათი მხრიდან საქართველოში ერთი კვირით ადრე გამოიგზავნა.

„ეს დასკვნა დაახლოებით შეესაბამება იმ წინასწარ დოკუმენტს, რომელიც გამოგზავნილ იქნა. დასკვნა აბსოლუტურად პოზიტიურია და აღიარებულია ძალიან დიდი პროგრესი, რასაც საქართველოს პარლამენტმა მიაღწია საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების სახით" , - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ისაუბრა და მადლობა გადაუხადა კომისიის პრეზიდენტს, მდივანს, სამდივნოსა და ექსპერტებს შესანიშნავი თანამშრომლობისთვის.

„ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ჩვენ გემრიელი ნამცხვარი გამოვაცხვეთ, მაგრამ არავის სურს მისი ჭამა. ოპოზიციური პარტიებისთვისაც და პრეზიდენტისთვისაც მარტივი პასუხი გვაქვს: ჩვენ ეს გემრიელი ნამცხვარი არა ოპოზიციური პარტიებისთვის ან პრეზიდენტისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის გამოვაცხვეთ", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×