(რეზონანსი) „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე მზად არის მონაწილეობა მიიღოს საერთო დებატში, რომელიც ყველასთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს. ამის შესახებ კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოში თავისუფალი მედიაგარემოა და არსებობს ბევრი მედიასაშუალება, რომელთაც სურთ კანდიდატებმა მონაწილეობა სწორედ მათ არხებზე გამართულ დებატებში მიიღონ.
„არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ჩვენ ვთავაზობთ ყველა ძირითად მედიასაშუალებას, შეთანხმდნენ ერთობლივ ფორმატზე, რომელშიც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელს და ყველა კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და მაყურებლისთვის ეთერი იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ჩვენ პატივს ვცემთ საზოგადოებას და მედიას, არ გვსურს გამოვარჩიოთ რომელიმე მედიასაშუალება, ან რომელიმე მერობის კანდიდატი" , - განაცხადა თალაკვაძემ.