(რეზონანსი) „დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ვეტოს აუცილებლად დავძლევთ. შემდეგ მოვახდენთ ახალი პროექტის ინიცირებას, რომელიც შეეხება ორ საკითხს - ბონუსის ამოღება კონსტიტუციიდან და ბლოკების ერთჯერადად დატოვება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს შეთანხმება ვენეციის კომისიასთან მესამე საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს საარჩევნო ნორმებთან მიმართებით" , -განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის შეთავაზების კომენტირებისას.
კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია და პრეზიდენტი კონსტრუქციულობისთვის მზად არ არიან და მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ კონსენსუსი არ შემდგარიყო.
„პრეზიდენტის ერთადერთი თვითმიზანი იყო კონსენსუსისთვის ხელის შეშლა და ამ მიზანს მიაღწია, თუმცა ვერ მიაღწია ერთ მიზანს, რომ დარჩენილიყო არადემოკრატიული კონსტიტუცია, რომელსაც ის ზეპირად ასწავლის რატომღაც საქართველოს მოსახლეობას" , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
5 ოქტომბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციამ განაცხადა, რომ თანხმობის შემთხვევაში ე.წ. 5 პუნქტიანი დოკუმენტის ტრანსფორმირება ნაწილობრივ შესაძლებელია.10 ოქტომბრამდე გაირკვევა, თუ რას ჩაწერს პრეზიდენტი მარგველაშვილი მოტივირებულ შენიშვნებში. საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით ვეტოს უფლების გამოყენება პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თავად შესთავაზა და მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტს მხოლოდ ორი შენიშვნა - ბონუსების გაუქმება და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება წარედგინება, ვეტო არ დაიძლევა.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.