(რეზონანსი) კატალონიას მსხვილი ესპანური ბანკები ტოვებენ. ერთ-ერთი ასეთი ესპანეთში სიდიდით მეხუთე ბანკი „Banco Sabadell"-ია, რომელიც იურიდიულ მისამართს რეგიონიდან ვალენსიის ქალაქ ალიკანტეში გადაიტანს. ბანკის შტაბბინა და თანამშრომლები კი ბარსელონაში დარჩებიან. როგორც ბანკის ხელმძღვანელობა აცხადებს, მიზეზი ევროპის ცენტრალური ბანკის სამართლებრივ ზონაში დარჩენაა.
ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას გეგმავს ქვეყნის სიდიდით მესამე ბანკის „Caixabank"-ის მენეჯმენტი, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დირექტორთა საბჭოს სხდომას გამართავს და ბანკის შტაბ-ბინის კატალონიიდან ესპანეთის სხვა რეგიონში გადატანის საკითხს განიხილავს.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გამო, კატალონიაში სიდიდით მეორე და ესპანეთში მეხუთე ბანკ „Sabadell"-ის ფასიანი ქაღალდები მიმდინარე კვირაში 10%-ით დაეცა. ზოგიერთმა კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ რეფერენდუმის შემდეგ, კატალონიიდან წასვლას გეგმავს.
საერთაშორისო რეიტინგული სააგენტო „S&P" პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე კატალონიის რეიტინგის შესაძლო შემცირების შესახებ აცხადებს.