"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მზად არის, მონაწილეობა მხოლოდ საერთო დებატში მიიღოს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
ამასთან, მმართველი გუნდი ყველა ძირითად მედიასაშუალებას სთავაზობს, ერთობლივ ფორმატზე შეთანხმდნენ, სადაც თბილისის მერობის ყველა კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
როგორც "ქართულ იცნებაში" აღნიშნავენ, გადაცემაში მონაწილეობის შესაძლებლობა და კითხვის დასმის საშუალება ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს.
"რეზონანსი" შეეცადა, გაერკვია, ვინ იქნება დებატების მოდერატორი, ასევე, კონკრეტულად რომელ არხზე და რა ფორმატის გადაცემა იქნება, რისთვისაც არჩილ თალაკვაძეს დაუკავშირდა, თუმცა დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ეს დეტალები უცნობია.
აქვე შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად "ოცნების" მერობის კანდიდატი დებატებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა გამოიწვიაკალაძის შეთავაზებაზე "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი მზადყოფნას აცხადებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კალაძის იდეა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდს ჰგავს, როცა დავით ნარმანია მერობის სხვა კანდიდატებს საერთო ეთერში მონაწილეობას სთავაზობდა.
.უდუმაშვილის განცხადებით, კანდიდატი მედიას დებატების ფორმატს არ უნდა კარნახობდეს, რადგან ეს მისი პრეროგატივა არ არის.
"პირადად მე მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ არხზე, დავჯდე დებატებში ნებისმიერ კანდიდატთან. ამომრჩეველთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება სწორედ დებატებია", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი "ოცნების" შეთავაზებას "აჯაფსანდალს" უწოდებს და მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად აფასებს. მიუხედავად ამისა, იგი ამ "აჯაფსანდალში" მონაწილეობის მისაღებად მზად არის.
"ცდილობენ, ჩემს შეთავაზებაზე უარი "გააპრავონ". "ქართული ოცნების" შტაბი მედიას სთავაზობს გაურკვეველ ფორმატს, აჯაფსანდალს. ამაზეც თანახმა ვარ. არც ეს აჯაფსანდალია ჩემთვის დიდი პრობლემა.
"მინდა, მივმართო ტელევიზიებს, რომ "ქართული ოცნების" შტაბის დირექტივებით ნუ გადაწყვეტთ, როგორი ფორმატი უნდა იყოს. თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, როგორი უნდა იყოს დებატები", - განაცხადა ელისაშვილმა.
"დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა კი აცხადებს, რომ ხელისუფლებაც და ზოგიერთი სხვა კანდიდატიც გაურბის დებატებს, ან ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს ამ დებატების რაოდენობა.
"ჩემი მიდგომა, "დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოსა" და ჩემი პირადი პოზიციაა, რომ უნდა გაიმართოს დებატები ყველა კანდიდატს შორის და უნდა გაიმართოს რაც შეიძლება მეტი დებატი. უნდა გაიმართოს ყველა ცენტრალურ არხზე, თუკი ამისი სურვილი არსებობს. თუ რომელიმე კანდიდატს ეშინია, თავისი თავის იმედი არ აქვს და დებატებში მონაწილეობას გაურბის, როგორც ფეხბურთშია, ის წესი გამოვიყენოთ და წაგება ჩაეთვლება 0:3", - განაცხადა კუკავამ
"ევროპულ საქართველოში" მმართველი გუნდის შეთავაზებას საერთო დებატებთან დაკავშირებით კალაძის მხრიდან უკვე ჩანიშნულ დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმად აღიქვამენ. ამის შესახებ პარტიის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გოკა გაბაშვილმა ისაუბრა.
"ეს განცხადება არის, პრაქტიკულად, ირიბად უარის თქმა იმ დებატებზე, რომელიც უკვე ჩანიშნულია. ყველა არხს აქვს თავისი ფორმატი და ჩვენ ყველა დებატში ვაპირებთ მონაწილეობას. კალაძეს კონკურენტულ გარემოში არაფერი აქვს სათქმელი თბილისელებისთვის და ცდილობენ რაღაც სტერილიზებული ფორმატის მოფიქრებას, ან ფორმატზე შეუთანხმებლობის გამო უარის თქმას იმ დებატებზე, რომელიც დანიშნულია. ერთიც და მეორეც ნამდვილად ძალიან ცუდი ნაბიჯია მმართველი პარტიის კანდიდატისგან", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დებატებთან დაკავშირებით კომენტარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამაც გამოთქვა, სადაც ნათქვამია, რომ არხს აქვს საკუთარი ფორმატი და მის შეცვლას არ აპირებს.
"პირველი არხი ახორციელებს წინასაარჩევნო პროექტს, რომლის ფარგლებშიც თვითმმართველი ქალაქებისა და ადმინისტრაციული სამხარეო ცენტრების მერობის კანდიდატებს ეძლევათ წინასწარ შეთანხმებული ფორმატით, თანაბარ პირობებში დებატების შესაძლებლობა. პროექტი მიმდინარეობს წინასწარ დამტკიცებული ფორმატისა და გრაფიკის მიხედვით და პირველი არხი არ გეგმავს ფორმატის ცვლილებას", - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება დანარჩენ ტელეკომპანიებს, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ "რუსთავი 2"-სა და "იმედს", ხოლო სხვა ტელევიზიებს განსხვავებული პოზიცია აქვთ.
საერთო დებატების მასპინძლობისა და ეთერის დათმობისთვის მზად არის "ტვ პირველი". როგორც არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელი აცხადებს, მათთვის მთავარი ფორმატია და შეეცდებიან, რომ მოლაპარაკება გამართონ სხვა მედიასაშუალებებთან.
ტელეკომპანია "იბერიაში" კი აცხადებენ, რომ დებატებში მონაწილეობას მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ის "საზოგადოებრივ მაუწყებელში" შედგება, სხვა ფორმატს კი განიხილავენ.
რაც შეეხება ტელეკომპანია "კავკასიას", მისი ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი კოლეგებს მოუწოდებს, რომ კალაძეს არ მისცენ საშუალება, თავი დაიძვრინოს დებატებისგან.
"იმედია, ეს შემოთავაზება იმ გათვლით არ გაკეთდა, რომ ტელევიზიები ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას, ორგანიზებას და ამის შედეგად ბატონი კალაძე თავს აარიდებს წინასაარჩევნო დებატებს. კოლეგებო, გთავაზობთ, დავიწყოთ მუშაობა დებატების ორგანიზებისთვის", - წერს ჯანგირაშვილი.