(რეზონანსი) მინდა, ობიექტურად ვთქვა, რომ კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი შრომის შედეგი გახლავთ. საპარლამენტო გუნდმა, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მართლაც ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა იმისათვის, რომ კონსტიტუცია ყოფილიყო ისეთი, როგორც არის მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.
„კომისიის მუშაობის დასრულების შემდგომაც არაერთი შენიშვნა იყო გათვალისწინებული და ის ბოლო სამი ნაბიჯი, რომელიც არ არის მოთხოვნილი ვენეციის კომისიის მხრიდან, მაგრამ ჩვენ ვდგამთ, კერძოდ: 2020 წლის არჩევნებისთვის 3%-მდე ბარიერის დაწევა, პარტიული ბლოკების კიდევ ერთხელ დაშვება და ბოსუსის სისტემაზე მთლიანად უარის თქმა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, არავინ იცია, პრეზიდენტი კონსტიტუციას ვეტოს დაადებს თუ არა.
„ნუ ვიწინასწარმეტყველებთ, იქნება თუ არა ვეტო. ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ და დარწმუნებული ვარ, ეს კონსტიტუცია ძალიან დიდი მემკვიდრეობა იქნება, რომლითაც საქართველოში დემოკრატიული სისტემა შეუქცევადად დამყარდება. დარწმუნებული ვარ, შემდეგი თაობები ამას ნამდვილად დააფასებენ, რადგან როდესაც ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით, ასეთი რამ, რაც ჩვენ გავაკეთეთ, მმართველი გუნდის მხრიდან წარმოუდგენელი იყო", - დასძინა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო.