(რეზონანსი) 55 წლის ბათუმელი მეზღვაურის სოსლან კაკაბაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ბრალდებულის, რომელიც უკვე მესამე წელია ლიბიის ციხეში იმყოფება, დაკავების მიზეზი დღემდე უცნობია. ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.
ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მზარეულად სამუშაოდ კაკაბაძე 2015 წლის აგვისტოში წავიდა. სამუშაოს დაწყებიდან 12 დღეში, ეკიპაჟი, რომელშიც საქართველოს ერთადერთი მოქალაქე იყო, ლიბიაში დააკავეს.
კაკაბაძე ამტკიცებს, რომ გემი ამ დროს ცარიელი იყო და დღემდე არ აუხსნიათ, რა ბრალეულობა მიუძღვის ეკიპაჟს. სასამართლო 2 წელიწადზე მეტია, გაურკვეველი მოტივით რამდენჯერმე გადაიდო.
კაკაბაძის ოჯახი სახელმწიფოსგან ითხოვს, ინფორმაციის მოპოვებასა და საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვაში დაეხმაროს. მეზღვაურის მეუღლის განცხადებით პატიმარი ციხეში უმძიმეს პირობებშია. 10 დღის წინ მათ ტელეფონით დაკავშირება მოახერხეს, თუმცა მხოლოდ იმის გაგება შეძლეს, რომ პატიმარი ცოცხალია.
„მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაპირველად დაგვპირდნენ, დაგეხმარებით, რაღაცაში ჩავერევითო, მაგრამ დრო გადის და არაფერი. უკვე მესამე წელი დაიწყო, რაც სოსლანი ლიბიის ციხეშია, ბრალიც კი არ ვიცით, რა აქვს წაყენებული. გვითხრეს, რომ ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ აგვიყვანა ადვოკატი, მეუბნებიან, რომ ფულს უხდიან იმ ადვოკატს, მაგრამ სასამართლო არ იმართება. ყოველ თვეში გვეუბნებიან, რომ პროცესი გადაიდო. სასამართლო თუ გაიმართა, ჩემი მეუღლე გამართლდება და გამოუშვებენ, გათავისუფლების შემთხვევაში შემდეგ პროცედურებში დახმარებას ლიბიაში უნგრეთის ელჩი გვპირდება" - ამბობს კაკაბაძის მეუღლე დონარა გოგიტიძე.
დაკავებული მეზღვაურის ძმა ამირან კაკაბაძე, რომელიც ასევე შორეული ნაოსნობის კაპიტანია, ამბობს, რომ ბოლო დროს კავშირზე გასვლას მხოლოდ საერთაშორისო პროფკავშირების დახმარებით ახერხებს.
ოჯახის წევრების თქმით, გემი, რომელზე ქართველი მეზღვაური იყო დასაქმებული, მცირე ზომისაა, მისი ეკიპაჟი მხოლოდ ხუთი წევრისგან შედგებოდა. მათ შორის ორი ეგვიპტის, ერთი ხორვატიის, ერთი მალტის და ერთიც საქართველოს მოქალაქე იყო.