(რეზონანსი) თბილისის მერობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის თქმით, გუშინ თბილისის საკრებულოში პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთის ბიძინა ივანიშვლისთვის 1 ლარად გადაცემის მოთხოვნა შევიდა.
ელისაშვილი საკრებულოს წევრ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, დატოვონ საკრებულო და პუშკინის სკვერთან ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემის საკითხში მონაწილეობა არ მიიღონ.
„მსურს თბილისის საკრებულოს მოვუწოდო, კიდევ ერთხელ ნუ შეირცხვენს საკრებულოს ეს შემადგენლობა თავს, მუშაობის სამწლიანი უღიმღამო პერიოდი ამით არ დაასრულონ და არ განიხილონ ეს საკითხი. ასევე მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს - ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი თბილისის საკრებულოს აბუჩად აგდებას განაგრძობს, კიდევ რა მიზეზი უნდათ იმისთვის, რომ წამოვიდნენ, მეტი რაღა უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა, რომ კიდევ ერთხელ თბილისის საკრებულოს შეურაცხყოფა მიაყენოს. ვთხოვ ჩემს კოლეგებს, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და დატოვონ თბილისის საკრებულო. ნუ იქნებიან ივანიშვილის ნოტარიული ბიუროს წევრები", - განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თმით, "ქართული ოცნება" იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ იქ მუნიციპალური მიწისქვეშა პარკინგი უნდა გაკეთებულიყო. მერობის კანდიდატის თქმით, დადასტურდა, რომ მხოლოდ 30 ავტომობილზე იქნება სადგომი.
„ამ ხნის განმავლობაში, "ქართული ოცნება" იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ იქ მუნიციპალური მიწისქვეშა პარკინგი უნდა გაკეთდეს და ყველასთვის უნდა იყოს, მაგრამ დადასტურდა, რომ მხოლოდ 30 მანქანაზე იქნება ეს პარკინგი გათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ივანიშვილის სასტუმროსთვის კეთდება და არა საერთო სარგებლობისთვის", - დასძინა ელისაშვილმა.