რეზონანსი
07.10.2017

 (რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დევნილებს დედაქალაქის მერიაში სპეციალური სამსახურის შექმნას დაპირდა, რომელიც მათი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

„თბილისში დაახლოებით, 100 000 დევნილი ცხოვრობს, როგორც აფხაზეთიდან, ასევე სამაჩაბლოდან. ეს რაც ოფიციალურადაა რეგისტირებული, თუმცა მათი რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან არარეგისტრირებული დევნილებიც ძალიან ბევრია თბილისში. მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ ამ ქალაქის უმნიშვნელოვანესი და მართლაც საამაყო ნაწილი, თქვენ ხართ გამორჩეული თქვენი თავდადებით, თქვენი ნიჭიერებით და თქვენი შრომისმოყვარეობით. ამ წლების განმავლობაში თქვენ ყოველდღიურად ამტკიცებთ ერთგულებას ამ ქალაქის მიმართ. სამწუხაროდ, ვერც ეს ქალაქი და ვერც ეს ხელისუფლება ვერ გპასუხობთ იმავეთი", - განაცხადა უდუმაშვილმა.

როგორც უდუმაშილმა აღნიშნა, ის ვერ დაელოდება, "როდის გაიღვიძებს საღათას ძილიდან დევნილთა სამინისტრო".

„არც მაქვს იმედი, რომ ოდესმე გაიღვიძებს, რადგან ამდენი წელია თქვენ ასეთ პირობებში გიწევთ ცხოვრება და ყურადღების მიმქცევი არავინაა. ასევე სამწუხაროა ის, რომ თბილისის არც ერთ ხელისუფლებას აზრად არ მოსვლია, რომ თქვენთვის განსაკუთარებული და სპეციალური სამსახური შეექმნა, რომელიც დევნილთა პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებდა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა, რომელიც ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად განხორციელდება", - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის ბიუჯეტში გაჩნდება მუხლი, რომელიც დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის, ყოველწლიურად ათ მილიონ ლარს განსაზღვრავს.

უდუმაშვილმა აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელად დევნილი ბესო შენგელია წარადგინა. უდუმაშვილი დევნილებს ასევე მათი საცხოვრებელი ფართების დაკანონებას დაჰპირდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×