ბათუმი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი - გასული წლის არჩევნების მსგავსად, ექსპერტები ამ რეგიონებში მცირე ლოკალურ დაპირისპირებებს წელსაც ელოდებიან. მათი თქმით, ამის ნიშნები უკვე სახეზეა, თუმცა თანხმდებიან, რომ ეს იქნება მცირე მასშტაბის შეხლა-შემოხლა და დესტაბილიზაციაში არ გადაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. პარტიების წინასაარჩევნო კამპანია თანდათან პიკს აღწევს და შიგადაშიგ დაძაბულ რეჟიმშიც მიმდინარეობს. მაგალითად, ორი კვირის წინ მარნეულში "ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" კანდიდატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებით დასახლებულ ამ რეგიონში დაპირისპირების მორიგ სერიას პოლიტოლოგები უკვე 21 ოქტომბერს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისას ყველაზე მასშტაბური ინციდენტი სწორედ მარნეულში მოხდა. 2016 წლის 8 ოქტომბერს მარნეულში, #48 უბანთან სპეცრაზმიც მივიდა.
სპეცდანიშნულების რაზმის ადგილზე გამოძახება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც უბანზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, ქვების სროლასა და უბნის შენობის მინების ჩამსხვრევას. მომხდარის გამო მოგვიანებით შსს-მ "ნაციონალური მოძრაობის" 6 წევრი დააკავა, ხოლო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა.
აღსანიშავია, რომ შარშან მარნეულის მაჟორიტარული ოლქი ერთ-ერთი იყო, სადაც პირველი ტურის შედეგების მიხედვით არა "ქართული ოცნების", არამედ "ნაციონალების" წარმომადგენელი ლიდერობდა. თუმცა, საბოლოოდ, მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა.
ანალოგიურ დაპირისპირებას მარნეულში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე წელსაც ვარაუდობს. იგი "გარკვეულ ხმაურს" ელოდება სამცხე-ჯავახეთშიც. მისი თქმით, არჩევნებისას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დაპირისპირებამ უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო.
"დაძაბულობა შეიძლება მოხდეს სამცხე-ჯავახეთში, სადაც დენთის კასრზე ძაფია შეერთებული და ყოველი არჩევნების დროს ძალიან იოლია ცეცხლის მოკიდება. ეს უკვე ტრადიციად იქცა. სომხები პოლიტიკურად აქტიურები არიან და მათში უფრო ძლიერია სეპარატისტული ბაცილა, ამაზე კი ჩვენი პოლიტიკოსები იოლად თამაშობენ.
"ამის წინ აზერბაიჯანული სკოლის დირექტორის გამოსვლას ვუსმენდი, რომელმაც თქვა, ჩვენ მხარს ყოველთვის ხელისუფლებას ვუჭერთო. ასე რომ, თუ რაღაც დაპირისპირება მოხდება, ეს იქნება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
"რაც მართლა ასეა, აზერბაიჯანელები დისციპლინირებული ხალხლია და ისინი ცდილობენ, ნებისმიერ მთავრობას დაუმტკიცონ, რომ შევადრნაძეზე უფრო "მოქალაქენი" არიან, "ნაციონალურ მოძრაობაზე" უფრო "ნაციონალები" და "ოცნებაზე" უფრო "მეოცნებეები". პროვოკაცია მოსალოდნელია არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსებისაგან, რომლებმაც იციან ეს სიტუაცია. ერთი სიტყვით, პოლიტიკური ბრძოლა გაიმართება და ამაში სიახლე არაფერია", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ცინცაძე.
მისივე თქმით, მცირე ხმაური და გაყალბებულ არჩევნებზე საუბარი სხვა რეგიონებშიც იქნება, თუმცა ეს არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
"რეგიონებში ძალიან კარგად მოქმედებს ადმინისტრაციული რესურსი. არჩევნები შევიდა იმ ფაზაში, რომ ადრე თუ ამ რესურსს ჰქონდა რაღაც გავლენა, დღეს უკვე გადამწყვეტია. 2012 წელს შემთხვევით არ გაუქმებულა რეინჯერები და ამ თანხით ტყუილად არ გაუზრდიათ ადგილობრივ ადმინისტრაციულ ორგანოებში შტატები. როდესაც 10-20 ათასით იზრდება ბიუროკრატიული აპარატი, ეს უნდა გაამრავლო მინიმუმ 5-6 ადამიანზე - ოჯახის წევრებსა და მათ ახლობებლებზე და მორჩა, მოგებულია არჩევნები.
"თბილისში სხვა მდგომარეობაა. აქ საჯარო უწყებაში დასაქმებული ცოტაა. თან პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს და ყველას ვერ მოისყიდი. ასე რომ, ხმაური ყველგან იქნება, მაგრამ ამ ხმაურის მარგი ქმედების კოეფიციენტი და ეფექტი ნულია.
"პატარ-პატარა დაძაბულობა, პროტესტი, გაყალბებეზე საუბარი იქნება თითქმის ყველა რეგიონში, მაგრამ ოპოზიციამ მაშინ წააგო არჩევნები, როდესაც გაერთიანებასა და ერთ კანდიდატზე უარი თქვა.
"მეორე ტურში თუ ზაალ უდუმაშვილი გავიდა, კალაძეს შეუძლია, დარბაზი იქირაოს და გამარჯვება იზეიმოს. ელისაშვილის შემთხვევაში კიდევ რაღაც შანსი არსებობს.
"ეს დაპირისპირებები იქნება ლოკალური, ადგილობრივი მნიშვნელობის, რომელიც ფართომასშტაბიან დესტაბილიზაციას არ გამოიწვეს", - გვითხრა ცინცაძემ.
მცირე ხმუარსა და დაპირისპირებას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამ რეგიონების გარდა სამეგრელოშიც ვარაუდობს. თუმცა, ცინცაძის მსგავსად, ისიც ფიქრობს, რომ ეს დესტაბილიზაციასა და მასშტაბურ დაპირისპირებაში არ გადაიზრდება.
"რეგიონებში სიტუაციას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ვითარება უკვე დაძაბულია, არ გამოვრიცხავ, რაღაც დაპირისპირებები იყოს. თუმცა, არ მგონია, ამან კატასტროფული გაგრძელება გამოიწვიოს ან დესტაბილიზაცია მოხდეს.
"ისეთი სახის დაპირისპირებები, როგორებიც წინა არჩევნების დროს იყო, ჩემი აზრით, ახლაც სამეგრელოსა და ქვემო ქართლში იქნება. მარნეულში პერმანეტულად ხდება უკვე დაპირისპირებები. იქ თვითონ "ქართულ ოცნებაში" მოხდა განხეთქილება. ამიტომ ამ ფონზე იქნება იქ რაღაც დაპირისპირება. თან "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს კონკურენტუნარიანი კანდიდატი და ისიც რაღაცას ეცდება, თუმცა ეს დაპირისპრება რაიმე დესტაბილიზაციას არ გამოიწვევს.
"ინციდენტები მოსალოდნელია, თუმცა არა დიდი დაპირისპირებები. დედაქალაქში კი არ მგონია, რამე მოხდეს", - გვითხრა ძაბირაძემ.
მისივე თქმით, "ოცნებამ" რეგიონებში "ნაციონალური მოძრაობა" "გამოშიგნა". შესაბამისად, ძაბირაძე დიდ დაძაბულობას აღარსად ელოდება.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ცალკეული რაიონის სპეციფიკას არ ვიცნობ, თუმცა, როგორც ვიცი, "ქართულმა ოცნებამ" ძალიან ბევრგან "ნაციონალები" გადაიბირა და ზოგი მერობის კანდიდატაც კი წარადგინა. ანუ, "ოცნებამ" "ნაციონალების" გამოშიგვნა დაიწყო არა მარტო ამა თუ ლიდერებით, არამედ ელექტორატითაც.
"ასე რომ, როდესაც ლაპარაკია ძლიერ დაპირისპირებაზე, ეს ვეღარ იქნება. საქართველოში რაიონები არც ისე დიდია, თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს. ყველას თავისი ინტერესი აქვს და აქედან გამომდინარე, დაპირისპირებას არ ველოდები", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ძაბირაძე.