(რეზონანსი) მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ძალაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი შედის.
შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით, სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება მოხდება.
ახალი ვიდეოანალიტიკური პროგრამა შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას, სიჩქარის გადაჭარბებას, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობასა და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობას დააფიქსირებს.
ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება. აღნიშნული ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე არ იმოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება.