(რეზონანსი) დღეიდან ქუთაისში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები ფუნქციონირებას იწყებს.
ქუთაისის მასშტაბით, 25 ქუჩაზე და 10 სკვერში გაიხსნა ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდები, რომლის საშუალებით ნებისმიერ ქუთაისელს თუ ქალაქის სტუმარს შეეძლება 150-მდე ელექტრონული წიგნი საჩუქრად მიიღოს.
„ქალაქი-ბიბლიოთეკა" სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, ქალაქის სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას" ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა მიიღოს.
ქუთაისში, მწერლების სახელობის ქუჩებზე და რეკრეაციულ ზონებში - პარკებში, სკვერებში მრავალფეროვანი ელექტრონული ბიბლიოთეკები უკვე განთავსებულია. ამ სტენდებიდან ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით. ამისათვის საჭიროა, გადმოწეროთ უფასო აპლიკაცია Saba Reader. სასურველი წიგნი ერთ წამში თქვენს პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსდება და მის წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებთ.
„ქალაქი - ბიბლიოთეკა" ელექტრონული წიგნების სახლი „საბას" პროექტია, რომელიც პრეზიდენტის ფონდის ხელშეწყობითა და ქუთაისის მერიის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება.
პროექტი ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა.