ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის მიერ ნატოს ასპირანტი და ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების მსურველი მეზობლების დაშინებისა და დესტაბილიზაციის მცდელობას გმობს. ამის შესახებ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციაშია ნათქვამი, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე ყოველწლიური შეხვედრის პლენარულ სხდომაზე მიიღეს.
დოკუმენტის თანახმად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო. ამასთან, უარყოფითად აფასებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს.
რეზოლუციაში, ასევე, აღნიშნულია, საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და მიღწეული პროგრესი, ხაზგასმულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მხარდაჭერა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.
საპარლამენტო ასამბლეა ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს, რომ გააგრძელონ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული დისკუსიები.
ასევე, გაზარდონ საქართველოს ჩართულობა რეგიონული უსაფრთხოების გამყარებისკენ მიმართულ ნატოს აქტივობაში და ხელი შეუწყონ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონკრეტულ ნაბიჯებს.
შეგახსენებთ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია 6 ოქტომბერს დაიწყო და მუშაობა გუშინ დაასრულა, რომლის ფარგლებშიც, ალიანსის ქვეყნების დეპუტატებმა განიხილეს და კენჭი უყარეს რეზოლუციას - "სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში".
ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ რეზოლუციით იქმნება ფონი, როცა საქართველო ნატოსთვის, ამერიკისთვის გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორი, შესაძლოა, გეოგრაფიული მდებარეობის გამო გახდეს.
"როგორც ბევრჯერ აღვნიშნეთ თქვენთან საუბრისას, მსოფლიოში ვითარება დინამიკურად, ძალიან სწრაფად იცვლება. დასავლეთის პასიურობის, ასევე, ახლო აღმოსავლეთში ინტერესთა წინააღმდეგობა-თავსებადობის გამო თურქეთის ურთიერთობა დასავლეთთან ცივდება, აშშ-სთან დიპლომატიური დაპირისპირება აქვთ, რუსეთთან კი ურთიერთობა ლამის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდეს.
"ამ ფონზე შემთხვევითი არაა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ასეთი შინაარსით. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია გერმანიამ მოამზადა, რომელმაც ერთ დროს ნატოს კარი არ გაგვიღო.
"მოკლედ, იქმნება ფონი, როცა საქართველო ნატოსთვის, ამერიკისთვის გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორი, შესაძლოა, გახდეს ზუსტად ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.
ანალიტიკოსის შეფასებით, ახლა შეიძლება დადგეს ზუსტად ის დრო, რომელზეც მუდმივად გვეუბნებოდნენ - "როცა დრო მოვა, საქართველო გახდება ნატოს წევრი"-ო.
"უფრო თამამად ვიტყვი, ეს დრო დადგა და თუ დროს ისევ გაწელავენ, თუ 2008 და 2014 წელივით ალღოს ვერ აუღებენ მომენტს, ხვალ, შესაძლოა, დაგვიანებულიც აღმოჩნდეს.
"ვიმეორებ, ვითარება დინამიკურად იცვლება, სწრაფად მოქმედებენ რეგიონის მოთამაშეები და სანამ რამე მზაკვრული სცენარი არ გაათამაშეს, ნატომ უნდა მოახერხოს სწრაფი გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთან მიმართებით.
"საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი, განსაკუთრებით თავდაცვის კუთხით, თუმცა წევრობას ეს ხელს არ უშლის. საქართველო დღეს ნატოს წევრობისთვის მზადაა. პროცესის დიდხანს გაწელვა, შესაძლოა, საქართველოსთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს", - ამბობს ამირან სალუქვაძე.
მისივე თქმით, ეს რეზოლუცია, ასევე, ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი მუდმივად დგას ევროსტრუქტურების დღის წესრიგში.
"მთავრობას მოვუწოდებ უფრო მეტად გააქტიურებას არსებული რეზოლუციის, გეოპოლიტიკური ფონის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების მიზნით", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.
"ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტ ირაკლი კიკიანის აზრით კი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
"ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ჯერჯერობით ერთადერთი ქმედითუნარიანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც რეალურად შესწევს ძალა, სერიოზული გავლენა იქონიოს მსოფლიოს უსაფრთხოებაზე. ამასთანავე, ნატო ერთ-ერთი ოგანიზაციაა, რომელსაც შესწევს უნარი, რომ შეაჩეროს რუსეთის აგრესია", - ამბობს ირაკლი კიკიანი.
რა გავლენას იქონიებს რეზოლუცია რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ნატოს რეზოლუციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან იზოლაციის პირობებში მოსკოვს აგრესიული პოლიტიკის გატარება ძალიან გაუჭირდება.
"ახლა დღის წერიგში რუსეთის იზოლაცია დგას და, რა თქმა უნდა, მსგავს რეზოლუციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იზოლაციის პირობებში რუსეთს ძალიან გაუჭირდება აგრესიული პოლიტიკის გატარება.
"მას შემდეგ კი, რაც რუსეთზე ზემოქმედება კიდევ უფრო გაძლიერდება, ერთხელ და სამუდამოდ იძულებული გახდება, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და წავიდეს დათმობაზე საერთაშორისო სამართლის წინაშე", - აცხადებს კიკიანი.